„მერობის კანდიდატზე ჯერჯერობით არანაირ განცხადებას არ ვაკეთებთ. როდესაც დასახელების დრო დადგება, ამას ყველა გაიგებს. ბუნებრივია, ამას წინასწარ არ ვიტყვით. კალაძესთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაცია მართლაც სპეკულაცია და სრულიად უადგილო სპეკულაციაა“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„კახა კალაძე იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის წევრი, ძალიან ერთგული, ძალიან მტკიცე წევრი. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ, მართლაც დაუძლეველი ერთობა შეიქმნა, როდესაც კახა კალაძე მივიდა მასთან. ბევრი დავუდექით გვერდით, მაგრამ კალაძისა და ივანიშვილის ერთობა იყო ის პირველი დამრტყმელი ძალა, რომელმაც სულ სხვანაირი ძალა მისცა „ქართულ ოცნებას“ მომავალ გუნდს და დღემდე რჩება ასეთ ადამიანად. როგორი ლეგენდაც იყო ფეხბურთში, დარწმუნებული ვარ, ასეთივე კვალს დატოვებს, როგორც თბილისის მერი, იმედია მომავალშიც“, - განაცხადა სუბარმა.
„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.