ოთხი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თუმცა უშედეგოდ.
სულ ბოლო შეხვედრა, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით და მისი მონაწილეობით გაიმართა, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, თუმცა არავითარი გარანტია იმისა, რომ შეთანხმება შედგება და ქვეყანაში შექმნილი ფეთქებადსაშიში სიტუაცია განიმუხტება, არ არსებობს.
რა არის ამის მიზეზი და რატომ გახდა შეუძლებელი კონსენსუსის მიღწევა ორ მსარეს შორის?
ჩვენი აზრით, მიზეზი ამისა ის გახლავთ, რომ ჩვენმა დასავლეთელმა მეგობრებმა, ალბათ, იმ მოსაზრებით, რომ კიდევ უფრო არ გაემწვავებინათ ისედაც დაძაბული ვითარება, ობიექტური, მკაცრი და, იმავე დროს, სამართლიანი შეფასება არ მისცეს მიმდინარე მოვლენებს და, რაც მთავარია, არ გამოიძიეს, არ შეისწავლეს ის წინაპირობები, რაც დღეს შექმნილ სიტუაციას უძღვოდა წინ.
საქმე ის არის, რომ ეს კონფრონტაციული მდგომარეობა არ დაწყებულა ოთხი თვის წინ, 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს.
ის დაიწყო გაცილებით ადრე, 2019 წლის 20–21 ივნისს, როცა მოიერიშეთა რაზმები ნიკანორ მელიას და მისი „გენერლების“ (ბოკერია, უგულავა, ოქრუაშვილი) ხელმძღვანელობით სამი საათის განმავლობაში უტევდნენ პარლამენტის შენობას და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
ჩვენ ყველას გვინახავს ეს საგანგაშო კადრები, რომლებიც ძალიან ჰგავს კაპიტოლიუმში შეჭრის ცნობილ კადრებს, რომლებსაც ამერიკელებმა „შიდა ტერორიზმი“ უწოდეს და რომლის ორგანიზატორები და მონაწილენი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯნენ.
საქართველოში მსგავსი რამ არაფერი მომხდარა.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს პარლამენტში შეჭრისა და სახელმწიფო გადატრიალების კვალიფიკაცია მიეცა, მის ორგანიზატორებს და მონაწილეებს იმდენად მსუბუქი სასჯელები მიესაჯათ, თითქოს მათ მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობა ჩაედინოთ.
არადა, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ პარლამენტის შენობაზე სამგზის მიტანილი შტურმი არ დაწყებულა სპონტანურად, პატრიოტული გრძნობებით აღტყინებული და საღი აზროვნების უნარდაკარგული ადამიანების უცაბედი გადაწყვეტილებით, როგორც ამას მისი ორგანიზატორები ხსნიდნენ.
შტურმის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტის შენობაში უკვე იმყოფებოდნენ მოქალაქეები, რომლებიც შენობაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ დაშვებული საშვებით მოხვდნენ.
ისინი ელოდებოდნენ გარედან დამხმარე ძალების შემოსვლას, რომ მერე ერთიანი ძალებით მთლიანად მოეხდინათ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პარალიზება, შემდგომ კი ეს ყველაფერი დიდ სახალხო მღელვარებაში გადაეზარდათ, რაც ხელისუფლების გადადგომით და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით უნდა დაგვირგვინებულიყო.
20–21 ივნისს პარლამენტში შეჭრის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ვერ შედგა, მაგრამ ის გაგრძელდა სხვა ფორმით და სხვა სცენარით.
31 ოქტომბრამდე კარგა ხნით ადრე ოპოზიცია დაჟინებით იმეორებდა, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდებოდა, ხოლო 31 ოქტომბერს, როცა ხმები ჯერ კიდევ არ იყო დათვლილი, ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.
ცხადია, ეს იყო წინასწარ დაწერილი სცენარი, რომ არჩევნების გაყალბების თემა კონფრონტაციისა და მდგომარეობის ესკალაციისთვის გამოეყენებინათ და ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა აეგორებინათ.
რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ფაქტობრივად, ეს არის 20–21 ივნისს დაწყებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გაგრძელება, რომელიც, ოპოზიციის მოთხოვნით, რიგგარეშე არჩევნებით უნდა გაფორმდეს, რომელშიც იგულისხმება, რომ აუცილებლად ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს.
აი, ეს არის ის ქვეტექსტი, რის გარშემოც მიმდინარეობს მოლაპარაკებების ეს ოთხთვიანი მარათონი.
ოპოზიციას, უფრო ზუსტად, მის მთავარ ცენტრს და მთავარ მამოძრავებელ ძალას, „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერს სააკაშვილს სურს ამ გაუთავებელი მოლაპარაკებებით და პარალელურად, ხელისუფლებაზე ზეწოლით გამარჯვებამდე მიიყვანოს სახელმწიფო გადატრიალების ჩავარდნილი გეგმა და ამაში აქტიურად დაიხმაროს დასავლეთი _ ევროსაბჭო, ევროკავშირი, აშშ-ის კონგრესი.
ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობა“ ძალადობს ქართველ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და, ამასთან ერთად, ძალადობს დასავლეთზეც, იმუქრება რა დესტაბილიზაციით, ქაოსით, არეულობით, რევოლუციით.
„ნაცმოძრაობა“ ძალადობს ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებზე და არ აძლევს მათ დამოუკიდებლად მოქმედებების და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას.
„ნაცმოძრაობაო“, კი ვამბობთ, თუმც, სინამდვილეში, პროცესებს ერთადერთი კაცი, „ნაცმოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე, რამდენიმე დანაშაულში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მართავს.
ის იძლევა დირექტივებს, ის იღებს გადაწყვეტილებებს, ის განსაზღვრავს ოპოზიციის დღის წესრიგს და ადგენს, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია. ვინ რა უნდა თქვას, ვინ რა განცხადება უნდა გააკეთოს, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს.
„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის შპს, მისი კერძო საკუთრებაა, მისი კოოპერატივია, სადაც ყველა და ყველაფერი მის დიქტატს ექვემდებარება, სადაც ყველა მისი ყურმოჭრილი მონაა და ნებისმიერი გადახვევა „მაგისტრალური“ ხაზიდან უმკაცრესად ისჯება.
„ნაცმოძრაობა“ მონების დიდი გაერთიანებაა, დაზომბებული მასა, უფრო ზუსტად, სექტაა, სადაც სექტის ხელმძღვანელი წყვეტს ყველაფერს.
ამ სექტის წევრებად იქცნენ ის ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც, არავინ იცის, რატომ დათანხმდნენ ნებაყოფლობით მონობას, როცა ამის არანაირი საჭიროება არ იყო.
მათ, ფაქტობრივად, უღალატეს თავიანთ ამომრჩეველს და მათ მიერ მიცემული ხმები სააკაშვილს ჩაუჩხრიალეს ჯიბეში, თუმცა, ალბათ, აქედან რაღაც დიდი სარგებელი მიიღეს, თორემ ამას მუქთად რომ არ გააკეთებენენ, ცხადია.
ასეა თუ ისეა, სააკაშვილი, გარდა „ნაცმოძრაობისა“, სხვადასხვა წვრილ-წვრილი პოლიტკოლონიების მბრძანებელიც გახდა და ქვეშევრდომებს თავის ჭკუაზე ატრიალებს.
ცოტა არ იყოს, ტრაგიკომიკური და, იმავე დროს, აბსურდული სიტუაციაა შექმნილი ქართული პოლიტიკური თეატრის სცენაზე.
ტრაგი-კომიკურობა და აბსრურულობა ამ სიტუაციისა იმაში მდგომარეობს, რომ ოთხი თვეა „ქართული ოცნება“ და ფასილიტატორი ელჩები უდუმაშვილს, სამადაშვილს, ბოკუჩავას, ბოკერიას, ხვიჩიას, მეგრელიშვილს, ნათელაშვილს, ბურჯანაძეს, სხვებსა და სხვებს ელაპარაკებიან, გადაწყვეტილებებს კი სააკაშვილი იღებს და ამათ აღმა ხნულს დაბლა ფარცხავს.
მოლაპარაკებათა ერთი რაუნდი, მეორე, მესამე, მეოთხე, მერე ამ მოლაპარაკებების საჯარო განხილვები და გარჩევები ტელევიზიებით, პრესით, ახალ-ახალი წინადადებები და ინიციატივები, ახალ-ახალი იდეები, თითქოს რაღაც ლაგდება და კოწიწდება, თითქოს ვიღაც-ვიღაცები საცაა შევლენ პარლამენტში, მაგრამ უცებ ჩნდება სააკაშვილი და ყველაფერს ხუხულასავით შლის და ანგრევს.
მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი, ამირანივით გადაუწყვეტელ პრობლემას მიჯაჭვული ხელისუფლება და ჩვენი დასავლეთელი მეგობრები საცაა გაწყვეტენ ჯაჭვს, მაგრამ ისევ მოდის ბოროტი მჭედელი სააკაშვილი და გასაწყვეტად გამზადებულ ჯაჭვს უროს ერთი დარტყმით ისევ ამთელებს.
და ასე, დაუსრულებლად, ოთხი თვე, ანუ 120 დღე და ღამე გრძელდება და გრძელდება ერთი და იგივე.
მაინც რაზეა ლაპარაკი ამ უსასრულო მოლაპარაკებებში?
რაზეა და ზუსტად იმაზე, რაზეც იყო საუბარი პარლამენტზე იმ წარუმატებელი შტურმის და ასევე წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობს შემდეგ.
როგორც ვთქვით, რაც დღეს ხდება, ფაქტობრივად, ეს არის იმ შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გაგრძელება, ოღონდ სხვა ფორმით, სხვა ხერხებით, სხვა ტექნოლოგიებით.
რასაც სააკაშვილმა ძალისმიერი მეთოდებით ვერ მიაღწია, ახლაც იგივეს მიღწევას ცდილობს, ოღონდ ამჯერად „ქართული ოცნების“ და დასავლეთის დახმარებით, მათი ხელით, მათი მონაწილეობით.
ეს იგივე სახელმწიფო გადატრიალებიის მცდელობაა, ოღონდ დეტალებად დანაწევრებული და სხვადასხვა პუნქტებსა და მოთხოვნებში ჩაშლილი და ჩაფანტული.
რა გამოდის?
ნუთუ ის, რომ ამდენი მოლაპარაკებებით, ამდენი დროის, ენერგიის, ფინანსების ხარჯვით, ამდენი მედიასაშუალების აქტიური მონაწილეობით, ამდენი დისკუსიებით და დებატებით სააკაშვილს ვემსახურებით, რომ მან თავისი ბნელი, რევანშისტული ზრახვა ხელისუფლებაში დაბრუნებისა, როგორმე სისრულეში მოიყვანოს?!
თქვენ როგორ ფიქრობთ, რიგგარეშე არჩევნები, რომლის დანიშვნის არანაირი ობიექტური მიზეზები არ არსებობს, მაინც რომ დაინიშნოს, განა ეს არ იქნება 20–21 ივნისს დაწყებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დამაგვრიგვინებელი ეტაპი?
აი, ამაში ვეხმარებით სააკაშვილს?
დიახ, დიახ, ზუსტად ამაში ვეხმარებით სააკაშვილს და ამ საქმეში იძულების წესით ჩართულია საქართველოს ხელისუფლება და თითქმის მთელი საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობა _ აშშ-ის კონგრესი, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო, ნატო, ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტები და ა. შ. და ა. შ.
თუნდაც მკრეხელობად ჩამეთვალოს, მაინც უნდა დავსვა ასეთი კითხვა: თქვენ, ძვირფასო მეგობრებო დასავლეთიდან, აცნობიერებთ კი, რას აკეთებთ და რა სახიფათო გაუგებრობაში ხართ ჩათრეულნი?
თქვენ, ძვირფასო მეგობრებო დასავლეთიდან, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ეხმარებით სააკაშვილს და მის ბანდას, როცა დასაშვებად მიიჩნევთ რიგგარეშე არჩევნებს, რომელიც, შეიძლება, დიდი სამოქალაქო დაპირისპირებით დამთავრდეს, რადგან ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების ხელისუფლებაში დაბრუნებას.
ასე რომ, რიგგარეშე არჩევნები კრიზისიდან გამოსავალი კი არ არის, არამედ თავად არის ახალი, გაცილებით მწვავე და ფეთქებადსაშიში კრიზისის წყარო, რომელიც, არ არის გამორიცხული, კატასტროფით დამთავრდეს ქართული სახელმწიფოსთვის.
ბევრჯერ თქმულა, მაგრამ ეს ბევრჯერ ნათქვამი, ეტყობა, მანამდე უნდა გავიმეოროთ და გავიმეოროთ, სანამ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები არ გაიგებენ: საქართველოში დღეს შექმნილი ვითარება დედამიწის ზურგზე ერთადერთ სახელმწიფოს, რუსეთს, აძლევს ხელს და ვინც ამ პროცესების განვითარებას და გაღრმავებას ხელს უწყობს, ის, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთის ინტერესებს ემსახურება.
ცხადია, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს სააკაშვილის პროვოკაციული და ავანტურისტული ქმედებები.
ის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, აშანტაჟებს ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სახელმწიფოსთან ერთად აშანტაჟებს დასავლეთსა და, ფაქტობრივად, ღიად იმუქრება, რომ თუ მისი პოლიტიკური ხუშტურები არ დაკმაყოფილდება, ქვეყანას ააფეთქებს.
სააკაშვილი არაფრით განსხვავდება ტერორისტისგან, რომელიც აცხადებს, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, ბომბს ააფეთქებს, რასაც დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვება.
ამ დროს გვეუბნებიან, დიალოგს ალტერნატივა არ აქვსო.
დიალოგს მართლაც არ აქვს ალტერნატივა, მაგრამ ტერორისტთან დიალოგს ხანგრძლივი, მაგრამ უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ალტერნატივა აქვს _ ეს არის კანონი და სამართალი, თუმცა, როგორც ჩანს, სააკაშვილი რაღაც განსაკუთრებული სტატუსის მქონე ტერორისტია, რომელიც სასათბურე პირობებში ჰყავს ჩათბუნებულ-ჩახუტებული ჩვენს ერთ-ერთ მეგობარ სახელმწიფოს, საიდანაც აპირებს მისი მოქალაქე ტერორისტი მისი მეგობარი სახელმწიფოს დისტანციურად აფეთქებას, მაგრამ პასუხს არავინ თხოვს.
ამ ტერორისტს არც სხვები თხოვენ პასუხს.
პასუხის მოთხოვნას ვინ ჩივის, მთელი ამ ოთხთვიანი მოლაპარაკებების განმავლობაში, ჩვენს დასავლეთელ მეგობრებს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ გულწრფელად სურთ ჩვენი დახმარება, ერთხელაც არ უხსენებიათ მისი სახელი თუნდაც გაკვრით, თუნდაც მინიშნებით, თითქოს ის არც არსებობს.
არადა, არ არსებობს კი არა, ყველა იმ პრობლემისა და საფრთხის სათავე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ჭირს, მასშია თავმოყრილი.
სანამ ეს მთავარი „რაზბოინიკი“ არ მოშორდება ქართულ პოლიტიკას, არ იქნება მშვიდობა საქართველოში.