გურჯაანში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ შავლიაშვილის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 36 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. პროცესს თავად ბრალდებული ესწრებოდა. მას პროცესზე სიტყვით არ უსარგებლია.
ადვოკატის, მინარი მურღვაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საგამოძიებო ორგანო ოჯახური ძალადობის გარდა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასაც ედავება.
შემთხვევა გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე 9 მარტს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ცოლ-ქმარს შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების დროს, შავლიაშვილმა მეუღლეს ლითონის ანთებული ღუმელი იმ დროს ესროლა, როცა ქალს ხელში ბავშვი ეჭირა. ჩვილი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.