logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: ბერამ აგრესიის ამ ტალღასაც უნდა გაუძლოს და ახსოვდეს, რომ ძნელია ქვეყნის ყველაზე დიდი ქველმოქმედის შვილობა
- +

11 მარტი. 2021. 18:27

 

 

ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე მოვლენებზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებათა პროცესზე, რომლის ვადაც კვირის ბოლოს იწურება, ფარულ ჩანაწერზე, რომლის გასაჯაროებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია – ,,კვირა“ ექსპერტს, მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა:

 

- ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ მიცემული 2-კვირიანი ვადა იწურება, თუმცა, მხარეები დღემდე არ დამსხდარან მოლაპარაკების მაგიდასთან. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ უკიდურესად დაპირისპირებული მხარეების პოზიციების დაახლოება?

 

- მომლაპარაკებლის პროფესია ნორმალური კომუნიკაციის მქონე საზოგადოებაში ერთ-ერთი სერიოზული პოზიციაა. მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც მართლა სურთ შედეგის მიღწევა. დღეს ამ სურვილს, სამწუხაროდ, ვეღარც პოზიციაში ვხედავ და ვეღარც – ოპოზიციაში.

 

– აღარც ხელისუფლებასაც სურს მოლაპარაკების გაგრძელება?

 

- არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია და არც სერიოზული არგუმენტები, თუმცა, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარეობს გარკვეული გადალაგება. გახარიას წასვლა პოლიტიკიდან უმიზეზოდ არ მომხდარა. ყოფილმა პრემიერმა გადადგომისას ხელსაყრელი დრო და სწორი მოტივაცია შეარჩია. ასევე, მოულოდნელი იყო ღარიბაშვილიც მეორედ გაპრემიერება როგორც ხელისუფლების, ისე – ოპოზიციისთვის. ტელეეკრანებზე ჩანდნენ დაბნეული სახეები, ჟესტიკულაცია, ნერვიულობა. სწორედ ამ ადამიანების პროფილირებამ მაფიქრებინა, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება პრემიერმინისტრის სავარძელში ხელისუფლების უმრავლესობისთვისაც კი უსიამოვნო მოულოდნელობა იყო. მეჩვენება, რომ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერი არა ივანიშვილების ოჯახის, არამედ ღარიბაშვილის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. რაც უნდა პარადოქსული იყოს, ბიძინა ივანიშვილმა, ყველაზე დიდმა ქველმოქმედმა საქართველოს ისტორიაში დღევანდელი რეალობით, მადლიერების ნაცვლად, არნახული აგრესია მიიღო, რაც მის ოჯახსა და ყველასთვის მტკივნეულს, შვილებს შეეხო. მიზეზი მხოლოდ ბინძური პოლიტტექნოლოგიებია. თუმცა, ბერამ აგრესიის ამ ტალღასაც უნდა გაუძლოს და ახსოვდეს, რომ ძნელია ქვეყნის ყველაზე დიდი ქველმოქმედის, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის შვილობა, ეს განსაკუთრებულობისა და განსხვავებულობის იარლიყს თავისთავად ანიჭებს ადამიანს, საქართველოში. მოშურნე ყოველთვის ჰყავთ ასეთ ადამიანებს, მაგრამ ახლა, ამ ნერვების ომში ზუსტად მათ ნერვებსა და ფსიქიკას ურტყამს შავი პოლიტიკური პიარის დაუნდობელი მანქანა.

 

- 30 წელია, ვცდილობთ, თავი დავაღწიოთ საბჭოეთს და სრულიად სხვაგვარი, დემოკრატიული მოწყობის ქვეყანა ავაშენოთ, თუმცა, შთამბეჭდავ შედეგებს ჯერაც ვერ ვაღწევთ.

 

- ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის საზოგადოებამაც სოციალიზმიც დაანგრია და შეძლო, საბჭოთა კავშირისთვის თავი დაეღწია, თუმცა – სოციალიზმის დანგრევა და საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა სრულიად სხვადასხვა საკითხია. ბალტიის ქვეყნებმაც შეძლეს, თავი დაეღწიათ საბჭოთა კავშირისთვის, ნაკლები მსხვერპლითა და ნგრევით, მიუხედავად ამისა, მატერიალური თვალსაზრისით, ამ 30 წლის განმავლობაში ეს ქვეყნებიც ბევრით ვერაფრით წავიდნენ წინ. 90-იანი წლების ბოლოს ჩვენ ისე მოვიქეცით, როგორც ბავშვი, რომელსაც ხელში ჯოხი ეჭირა და განურჩევად ყველაფერს, კარგსაც და ავსაც ანგრევდა. არავითარი გეგმა ქვეყნის განვითარებისა, გარდა ეროვნული დამოუკიდებლობისა, მაშინ არ გვქონია. დამოუკიდებლობის მოპოვება ერთია, დამოუკიდებელი ქვეყნის შენება და შენარჩუნება – მეორე. მეჩვენება, რომ არც ახლა გვაქვს კონკრეტული გეგმა იმისა, როგორი ქვეყნის აშენებას ვაპირებთ… ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსები ხელისუფლების მისამართით ხშირად აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს ,,უკან, საბჭოეთში“ ექაჩება. ამას ამბობენ ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირში არასოდეს უცხოვრიათ, მაგრამ მენტალიტეტით ძალიან ჰგვანან ახალგაზრდა კომკავშირელებსა და პარტმუშაკებს. ის, ვინც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქაში გამდიდრდა, დღეს ოპოზიციური ტელევიზიებით სოციალურ ჩაგვრაზე, სოციალურ უთანასწორობაზე გვესაუბრება, მდიდარი ადამიანის სიძულვილის კულტივირებას ახდენს და ამით, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირს მისტირის.

 

- ოპოზიციურ ლიდერებს საბჭოთა ნოსტალგია შემოაწვათ?

 

- დააკვირდით, ვის ხელშია დღეს დამოუკიდებელი ოპოზიციური ტელევიზიები. მათი მეპატრონეები არიან მდიდარი ადამიანები, რომლებიც მაყურებელში საკუთარი სამაუწყებლო არხების მეშვეობით შეძლებული და წარმატებული ადამიანების სიძულვილს თესავენ. მაყურებელს უჩვენებენ უზარმაზარ სასახლეებს, 48-საათიანი მორიგეობა აქვთ დაწესებული მდიდარი ადამიანების კერძო საკუთრებასთან და აცხადებენ, რომ ეს საშინელებაა. თქვან მაშინ, რომ მოენატრათ სოციალიზმი და საბჭოეთში ცხოვრება. მთელი მათი მესიჯბოქსები სავსეა საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით, რომელშიც ყველას ჰქონდა სამსახური და უმუშევრობა ისჯებოდა სავალდებულო განათლებითა და პენსია-ხელფასებით, სადაც მშიერი არავინ იყო… დღესაც ტელევიზიათა უმრავლესობა იმ პიარტექნოლოგიებს იყენებს, რომლებიც კარგად იყო აპრობირებული საბჭოთა კავშირში: მაშინაც და ახლაც მედიასაშუალებები მდიდარი ადამიანების სიძულვილს თესდნენ, ოღონდ ეს შედარებები კაპიტალისტურ ქვეყნებთან მიმართებით კეთდებოდა, დღეს კი ქვეყნის შიგნით ეს ოპოზიციური ტელევიზიები მემარცხენე პლატფორმაზე დგანან და მეპატრონეები კი მდიდარი მემარჯვენე ჰყავთ!!! დავუშვათ, ოპოზიცია მართლაც დაბრუნდა ხელისუფლებაში, რას იზამენ, მდიდარ ადამიანებს გაუსწორდებიან? ეს ნონსენსიც არაა, ეს მარაზმია!!!

 

- პირადად თქვენთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რით განსხვავდება ,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისგან?

 

- პირველ ყოვლისა, საქართველო აღარ არის „ქვეყანა-პროვოკატორი“ და მას აღარ ჰყავს პოლიტიკური პროვოკაციებით მოქმედი ხელისუფლება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 2 ვადის განმავლობაში არ ყოფილა ომი, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამება ხელისუფლების მხრიდან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ადამიანებს აქვთ შრომის უფლება. მახსოვს, ჩემს ნაცნობ, საშუალო ფენის ბიზნესმენებს როგორ აიძულებდა სააკაშვილის ხელისუფლება შემოდგომაზე, „სახელმწიფო რთველის“ დროს, შეესყიდა ტონობით ყურძენი, რომელიც მას საერთოდ არაფერში სჭირდებოდა – როგორ „გვაიძულებდნენ“, ქართულ არხებზე ინგლისურად გვეყურებინა ფილმები, ქართული სუბტიტრებით!!! მახსოვს, პირადად მე და ჩემი ოჯახი როგორ ვცხოვრობდი რეზერვაციაში, როგორც ებრაელები ნაცისტების დროს, იმ განსხვავებით, რომ მკლავზე დავითის ვარსკვლავი არ მქონდა მიკერებული. როგორ ეშინოდათ ახლობლებს ჩემთან დარეკვა, მოსვლა, და რომ მხოლოდ ერთეული ადამიანები გვეკონტაქტებოდნენ, რაც გმირობის ტოლფასი იყო და მე მაშინ არ მწყინდა, რომ დამივიწყეს, მესმოდა მათი. საზოგადოების უმრავლესობა ან ოთხ კედელს შიგნით, ან ოთხ კედელს გარეთ ცხოვრობდა და ეს იყო ჩვენი შემოსაზღვრული ნიშა, ანუ საზოგადოების დაახლოებით მესამედი ნაც-მიღებული და „გაგულავებული“ იყო, მეორე მესამედი – დადუმებულ-დათრგუნული, მესამე მესამედი – პატიმარი ან პრობაციონერი! ქვეყანა შედგებოდა ნაც.ხელისუფლებისა და მისი მეხოტბეებისგან, დასჯილებისა და დასასჯელებისგან! თავად ამ სივრცის შეცვლა ბედნიერებაა!!! სწორედ ეს კაპიტალი აქვს დღეს ,,ოცნების,, ხელისუფლებას და ნებისმიერს, ვინც არ არის ნაც.ხელისუფლების თანაზიარი. 27%, რა ხმებიც მიიღო ოქტომბერში ნაც.მოძრაობამ, სწორედ ის ძველი ნაც. ხელისუფლების მუშაკები და მათგან პრივილეგირებული ადამიანები არიან. 2012 წლიდან თითქმის ათწლეული გადის და წარმოუდგენელია ,,ნაციონალების“ კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნება ისევე, როგორც ძველი, დაპატარავებული კაბის მორგება.

 

- ოპოზიცია ახლა მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს, მხოლოდ ამ თემაზე აპირებს მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან.

 

- ბრეჟნევი, ანდროპოვი, გორბაჩოვი, სააკაშვილი საქართველოსთვის ერთნაირი წარსულია. რა მნიშვნელობა აქვს, რომ სამი მათგანი გარდაცვლილია, ერთი კი – ახალგაზრდა და ცოცხალი. „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდებიან თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადამიანებს მეხსიერება აქვთ. ქვეყანამ ახლა ახალ ოპოზიციურ ძალაზე უნდა იფიქროს. სწორედ ეს ძალა განსაზღვრავს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები 90-იანი წლების, თუ 2012 წლის სცენარით განვითარდება.

 

- რას გულისხმობთ?

 

- მაგალითისთვის, თუ გიორგი გახარია შექმნის პარტიას და ის ქართულ პოლიტიკურ ველზე შემოვა, როგორც გაწონასწორებული, კონსტრუქციული, მშვიდობიანი პოლიტიკური ოპოზიცია (რასაც, სხვათა შორის, ჩავლილ არჩევნებზე „ლელოსგან“ ელოდა საზოგადოება), საფიქრებელია, რომ პროცესები 2012 წლის არჩევნების სცენარით განვითარდება და მავნებელი „ნაცმოძი“ აღარ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა. სხვა შემთხვევაში, თუ ოპოზიცია დესტრუქციული ძალების ხელში დარჩება, შესაძლოა, პროცესები 90-იანებისა და სამოქალაქო ომის სცენარით წარიმართოს. 2012 წლიდან დღემდე ჩვენ ვხედავთ ერთსა და იმავე სურათს: ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის წინ წაყვანას, ოპოზიცია კი ცდილობს, ბორბლებში ჯოხი ჩაუდოს მას. რაც მეტი ფული აქვს ოპოზიციას, მით მეტ ჯოხს უდებს იგი ხელისუფლებას ბორბლებქვეშ. სწორედ ამიტომ მეჩვენება, რომ ოპოზიციასა და პოზიციას შორის მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია. ასეთი დესტრუქციული ადამიანების ადგილი ქუჩაშია და არა – პარლამენტში. მათ გვერდით „ლელო“ სრული გაუგებრობაა, რა უნდათ მდიდარ ბანკირებს ქუჩაში, ვერ ამიხსნია! სხვა პარტიებს რაც შეეხება, ოპოზიციონერი ,,ბუზები“ ,,სპილოდ“ სწორედ სპეც.ტელევიზიებმა აქციეს, თორემ მათ გარეშე ვის გაახსენდებოდა ბევრი „მარადმწვანე“ პოლიტიკოსი! თუნდაც, „ნაცმოძის“ იურიდიული ლიდერობიდან ნიკა მელიას „მოშორება-გადასახლების“ შემდეგ ახალ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს, ძალიანაც რომ გინდოდეს – ბოლომდე ვერასოდეს მოუსმენ, ისეთი დამღლელი და ერთფეროვანი ტემბრი და მეტყველება აქვს. „ყავარჯენი“ ტელევიზიებისა და საბრძოლო NLP-ს ბინძური მეთოდების გამოყენებით, ჯერჯერობით, კიდევ ახერხებენ საზოგადოებაზე ზემოქმედებას.

 

- ხელისუფლებისთვის უფრო კომფორტული უნდა იყოს პარლამენტში მარტო სხდომა?

 

- „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებას ზრდილობისთვის უფრო მართავს, თორემ რომელ ხელისუფლებას უხარია ამ ქუჩა-ქუჩა მორბენალ, ავყია, ბინძური ლექსიკის, დესტრუქციულ პოლიტიკურ ჭინკებთან ერთ მაგიდასთან დასხდომა? პარლამენტში „შეტყუება“ დღეს, საქართველოში, ლამის სადამსჯელო ოპერაციად იქცა! როდესაც ლამის მთელი დასავლეთი ოპოზიციას მოძღვრავს, შევიდეს პარლამენტში და იქ განაგრძოს პოლიტიკური ცხოვრება, ზოგადად, პარლამენტარიზმის ამაზე დიდი დისკრედიტაცია სადმე გინახავთ? ზოგადად, აქვს კი აზრი ასეთ საპარლამენტო მმართველობას საქართველოში?! იქნებ ეს სწორედ ქვეყნის მმართველობისა მოდელის კრიზისია?! პლუს საზოგადოების იდეოლოგიური ვაკუუმისა და ეროვნული იდეის არარსებობის გამო სწორედ საზოგადოებრივი კრიზისია, უკიდურეს, არათანაბარ, აგრესიულ პოლარიზებაში გადასული, როცა საზოგადოების 1/3 აბულინგებს 2/3-ს?! ასე რომ, თუ უახლოეს მომავალში სანდო და კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ან არ აღმოცენდა არსებულიდან, დიდია იმის ალბათობა, რომ 90-იანი წლების მოვლენები განვითარდეს, რომელიც, რეგიონში უახლეს წარსულში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს ევროპულ გეზს მოსპობს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩრდილოელ მეზობელს აწყობს, სამხრეთელს თუ ანტარქტიდელ პინგვინებს, მთავარი ხომ ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესებია, საქართველოს ინტერესებია!!! მათ კი, ვისთვისაც „გარეჯი საქართველო არაა“, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ქვეყნებში გადატრიალებებისა და არეულობების მომწყობებს უახლოეს 6-8 თვეში იცილებენ მათივე „დამსმელი“ „დიდი ძმები“ – წესია ასეთი, დაუწერელი! ერთია კომბინაციების დაწყობა, ბევრი ფიქრი და მოგება საჭადრაკო დაფაზე და მეორე – იგივე ჭადრაკის დაფა, რომელიც ხმაურით ეხეთქება იატაკზე, თავისი მოგებული და წაგებული მეფეებითა და დედოფლებით, ეტლებით, ცხენებითა და პაიკებით, თუ ერთი მუშტი ამოჰკრა ქვევიდან გარეშე ხელმა!

 

ია დანელია

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner