„რიგგარეშე არჩევნები კრიზისიდან გამოსავალი კი არ არის, არამედ თავად არის ახალი, გაცილებით მწვავე და ფეთქებადსაშიში კრიზისის წყარო, რომელიც, არ არის გამორიცხული, კატასტროფით დამთავრდეს ქართული სახელმწიფოსთვის“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთში“ წერს.
„ბევრჯერ თქმულა, მაგრამ ეს ბევრჯერ ნათქვამი, ეტყობა, მანამდე უნდა გავიმეოროთ და გავიმეოროთ, სანამ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები არ გაიგებენ: საქართველოში დღეს შექმნილი ვითარება დედამიწის ზურგზე ერთადერთ სახელმწიფოს, რუსეთს, აძლევს ხელს და ვინც ამ პროცესების განვითარებას და გაღრმავებას ხელს უწყობს, ის, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთის ინტერესებს ემსახურება.
ცხადია, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს სააკაშვილის პროვოკაციული და ავანტურისტული ქმედებები.
ის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, აშანტაჟებს ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სახელმწიფოსთან ერთად აშანტაჟებს დასავლეთსა და, ფაქტობრივად, ღიად იმუქრება, რომ თუ მისი პოლიტიკური ხუშტურები არ დაკმაყოფილდება, ქვეყანას ააფეთქებს.
სააკაშვილი არაფრით განსხვავდება ტერორისტისგან, რომელიც აცხადებს, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, ბომბს ააფეთქებს, რასაც დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვება“, - წერს ხარჩილავა.