სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ აჭარის" დირექტორს ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
შესაბამისი მოლოდინი დაკავებულების ადვოკატებს აქვთ, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან წინასწარი დაკავების იზოლატორში წუხელ, გვიანობამდე იმყოფებოდნენ.
სალომე ჩარკვიანის ადვოკატმა მარიამ ფხალაძემ იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რას ედავება გამოძიება.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაოგნებულია, რატომ მოხდა ამ ფორმით მისი დაკავება, მითუმეტეს, რომ სალომე ჩარკვიანი თებერვალში მისული იყო სამართალდამცავ ორგანოებთან და მიცემული აქვს ჩვენება. კონკრეტულად ბრალი ამ ეტაპზე წარდგენილი არ აქვს. მან არ იცის, კონკრეტულად რას ედავებიან და შესაბამისად არანაირი ჩვენება არ მიუცია. რას ედავებიან, ჩვენთვის ცნობილი იქნება მას შემდეგ, რაც ბრალს წაუყენებენ", - განაცხადა მარიამ ფხალაძემ.
„ცენტრ-პოინტ აჭარის" საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი გუშინ დააკავეს.