logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა სახალხო დამცველს: დაიცავით ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა დანაშაულობის პრეზუმფცია და გამოიყენება სიძულვილის ენა
- +

12 მარტი. 2021. 23:14

 

ადვოკატი ირმა ჭკადუა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარის მიმართავს და  მოუწოდებს, დაიცვას ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი „რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოიყენება სიძულვილის ენა“.

 

ჭკადუას განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურდა, მაგრამ იმ შეურაცხმყოფელი კამპანიის გამო, რომელიც როჯერ ფედერერთან მის გამარჯვებას მოჰყვა, იძულებული გახდა განცხადება გაეკეთებინა.

 

 

„ჩვენი ოპონენტები მას მოიხსენიებენ, როგორც მოძალადეს. ეს ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უფლებადამცველებს უწოდებენ, ცალსახად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციურ უფლებებს, ვინაიდან არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ბასილაშვილი გახლავთ მოძალადე ან დამნაშავე“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

 

მისი თქმით,  ამ ყველაფერს ზემოხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციები საგრანტო პროგრამების მისაღებად იყენებენ.

 

 

„მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და არაერთხელ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა.

 

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, ეს არის მყისიერი რეაგირების დოკუმენტი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს განსახილველ საქმესთან.

 

დღეს ვხედავთ, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიზანიმართულად ცდილობს ბასილაშვილის იმიჯის შელახვას საერთაშორისო დონეზე. ფაქტია, რომ მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ცალსახად არაერთხელ დარღვეულია და მასმედიის საშუალებებით ამის ტირაჟირება ხდება.

 

 ყველამ იცის, რომ ბასილაშვილის ბრალეულობის საკითხი არც ერთ სასამართლოს არ განუხილავს და ამის გამო მისი მოძალადედ გამოცხადება არის ბასილაშვილის კონსტიტუციური უფლებების შელახვა“, - განაცხადა ჭკადუამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner