სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ს. გორში დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა. გ.ს.-მ დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 26 საბრძოლო ვაზნა. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 6 მასრა.
პოლიციამ, გ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და საბრძოლო ვაზნები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ ხულიგნობას“, - ნათქვამია განცხადებაში.