„BLACK SEA ARENA" რეგიონში პირველი, უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი, რომელიც 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის, საქართველოში, გურიის რეგიონში მდებარეობს. ამ გრანდიოზული პროექტის, რომელიც 200 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციას აერთიანებს, განმახორციელებელი ფონდი „ქართუა".
„BLACK SEA ARENA" სამი წლის განმავლობაში შენდებოდა. დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანია „Drei Architekten"-მა იმუშავა. სამშენებლო სამუშაოებს ასოციაცია „ატუ" და კომპანია „ელიტა ბურჯი" აწარმოებენ. მშენებლობის პროცესში 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მშენებლობის დასრულების შემდეგ, „BLACK SEA ARENA"-ს ოპერირების უზრუნველსაყოფად, 100-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო კონცერტების პერიოდში, დასაქმებულთა რიცხვი 200-მდე გაიზრდება.
„BLACK SEA ARENA"-მ უკვე გამოიწვია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოების დიდი ინტერესი და შეფასებები, რომ ეს უნიკალური დარბაზი ტურისტული ნაკადის, რეგიონის შემოსავლისა და ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდასთან ერთად, საქართველოს, როგორც რეგიონული კულტურის ცენტრის, როლის გამყარებას შეუწყობს ხელს.
ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი.
არენის სივრცე ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტების, ასევე, სპორტული ღონისძიებების, თეატრალური თუ საცირკო წარმოდგენების გამართვის შესაძლებლობას იძლევა.
„BLACK SEA ARENA"-ს ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. ერთ შენობაში განთავსებულია კინოთეატრის დარბაზები, სწრაფი კვების ობიექტები, VIP-დარბაზები, შეხვედრის ოთახები და სამედიცინო პუნქტი, ხოლო მეორე შენობაში - დარბაზის ადმინისტრაციული ნაწილი, მაღალი კლასის საგრიმიოროები, ტექნიკური ოთახი და კაფეტერია.
სპეციალურად საკონცერტო დარბაზისთვის, შერჩეულია საერთაშორისო წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული განათებისა და გახმოვანების სისტემები. ლედ და კინოთეატრის ეკრანები.
საკონცერტო დარბაზის დასაჯდომი, დასადგომი და შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის განკუთვნილი ადგილები სტუმრის კომფორტზეა გათვლილი და დაპროექტებულია უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. პარკირების ზონა 2000-მდე ავტომობილს იტევს.
„BLACK SEA ARENA" აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის მქონე უსაფრთხოების სისტემით.
არენის ტერიტორიაზე განთავსებულია მაღალი დონის ტექნიკით აღჭურვილი სახანძრო პუნქტი, რომელიც არა მხოლოდ საკონცერტო დარბაზს, არამედ მიმდებარე დასახლებულ პუნქტებსაც მოემსახურება.
„BLACK SEA ARENA", თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, მზად არის, უმასპინძლოს უმაღლესი დონის ნებისმიერ ვარსკვლავსა და შოუპროგრამას.
ეს უმაღლესი სტანდარტის, ულტრათანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი, 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი, ფონდმა „ქართუმ" სახელმწიფოს გადასცა საკუთრებაში.
„BLACK SEA ARENA"-ს სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიას, რომელიც შეკვეთილში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ „ქართუს" წარმომადგენლები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შესაბამის შეთანხმებას კი, ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს ხელი.
ფონდი „ქართუსგან", საკონცერტო დარბაზთან ერთად, სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი კულტურული პროგრამა და ამ კონცერტებზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში შევა.