რუსთაველის თეატრის სეზონი ბერტოლტ ბრეხტის პიესის მიხედვით დადგმულ რობერტ სტურუას სპექტაკლით დაიხურა, რომელსაც „დაკანონებული უკანონობა" ჰქვია.
რეჟისორმა რობერტ სტურუამ „კვირის პალიტრასთან" სიკეთეზე და ბოროტებაზე, პერსონაჟების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანაზე ისაუბრა. რეჟისორის თქმით, პატარა ქვეყანაში ბოროტებასა და სიკეთეს შორის ბრძოლა მართლაც ძალიან მძაფრი იქნება.
„ჩვენ ანტიკურ პიესას ისე ვკითხულობთ, თითქოს პერსონაჟები თვითონ ვართ, ვაიგივებთ ჩვენს თავს თუნდაც ელექტრასთან ან ოიდიპოსთან.
თუ შევიცვლებით, მაშინ ეს პიესები, და კიდევ ბევრი რამ, უნდა გადაიყაროს... ადამიანი ისეა მოწყობილი, თავის ძირითად არსს ვერ ღალატობს. ვერ ღალატობს ბევრი მიზეზის გამო. მე-19 საუკუნეში ილია, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი გრძნობდნენ, რომ ყველაზე საშინელი ერისთვის უმეცრება და უცოდინარობაა. ასევეა ალბათ მსოფლიოში და ამაში, მე მგონი, ღმერთის ხელიც ურევია, იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი, ბავშვობიდან სიკვდილამდე, გადის გოლგოთას გზას.
პერსონაჟები თითქოს ჩვენი ნიღბები არიან. შეიძლება მეტისმეტად პირდაპირ ვლაპარაკობ, მაგრამ რა უნდა ვუყოთ ამბიციებს, შურს! რა უნდა ვუყოთ, რომ არ ვართ ისეთი ლამაზები, ისეთი ძლიერები, ამიტომ ხშირად ვჩაგრავთ სხვას! ჩვენი სულის გაბოროტებაც, იმიტომ, რომ რაღაცას ვერ მივაღწიეთ, სხვას უნდა დავაბრალოთ და ამის გამო შური ვიძიოთ! ეს არ მოისპობა...
სიკეთე არის ისეთი მოვლენა, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ძალა. თუ ბოროტებასთან დაიწყე ძალიან დიდი ბრძოლა, თვითონაც ამ ბოროტებას უერთდები. ეს ჰამლეტისებური პრობლემაა, ჰამლეტსაც იმიტომ უჭირს: თუ მოკლა, უკვე მკვლელი ხდება. ამიტომ ბრძოლა სიკეთის გამო ორმაგად უბედურებაა, რა უნდა ქნა? ვინც სიკეთისთვის იბრძვის, როგორც ჰამლეტი, ვეღარ იცოცხლებს.
ზოგჯერ საშინელი აზრები მებადება... დამთავრდა მმართველობა ამ საშინელი ადამიანებისა, რომლებიც აღარაფერს ერიდებოდნენ და სჩადიოდნენ, რაც უნდოდათ, ბოროტება იყო მათი კერპი.
დადგა მომენტი, რომ ისინი უნდა დაგვესაჯა, მაგრამ ჩაერივნენ აშშ და ევროპის ქვეყნები, საერთაშორისო მართლმსაჯულება, რომელმაც ჩათვალა, რომ ეს ხალხი არ უნდა დაგვესაჯა.
ეს მხოლოდ იმას მივაწეროთ, რომ მოქრთამულები იყვნენ და ახლა ის ნაცისტები აშანტაჟებენ მათ, - თუ არ დაგვიცავთ, ვიტყვით, რომ ფულს იღებდითო.
საოცარი ქვეყანა გვაქვს. ასე მგონია, საქართველო სულ ასეთი იყო - ამ პატარა ქვეყანაში ბოროტებასა და სიკეთეს შორის ბრძოლა მართლაც ძალიან მძაფრი იქნება", - ამბობს რობერტ სტურუა.