დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველომ, დასავლეთ საქართველოსათვის განკუთვნილი ვაქცინის 14,080 დოზა უკვე მიიღო.
Astra Zeneca-ს ვაქცინის განაწილება ცენტრის საწყობიდან დღესვე დაიწყება. დღესვე ვაქცინა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში გაიგზავნება, ხოლო ხვალ ვაქცინას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მიიღებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, 5,550 დოზა იმერეთის რეგიონისათვისაა გათვალისწინებული.
პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება, პროცესი იმერეთის რეგიონში 15 მარტიდან დაიწყება. ვაქცინაციისათვის მუნიციპალიტეტების დაავადებათა კონტროლის ცენტრებში მობილიზებულია შესაბამისი კაბინეტები. ვაქცინის მიღება და დასაწყობება საპატრულო პოლიციის დახმარებით ხორციელდება.
AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიღეს და სპეციალურ მაცივრებში დააბინავეს.