„სამართლიანი პრინციპების მიღმა ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რაიმე შეთანხმებას მივაღწიოთ. პანდემიის პირობებში 2 მილიონმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. როდესაც მოქალაქეებმა ხმა მისცეს, როდესაც დამკვირვებლებმა გააკეთეს დასკვნები ჩატარებულ არჩევნებზე, ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ ეს არჩევნები მოლაპარაკებებში რაიმეში გავცვალოთ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ მომავალზე გვაქვს დისკუსია და როდესაც ოპოზიცია გამოდის გარეთ და პირდაპირ ლაპარაკობს საკითხებზე, რომლებზეც შიგნით განხილვა ჰქონდათ, ეს არის დარღვევა მოლაპარაკებების იმ მთავარი წესების, რომლებიც წინასწარ გაგვაცნეს. ჩემთვის შემაშფოთებელია და იმედი მაქვს, ეს არ არის სიგნალი დესტრუქციული გაგრძელებისკენ, როდესაც ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი კიდევ ერთხელ ეცდება მოლაპარაკებების შედეგის გარეშე დასრულებას. ჩვენ გვახსოვს იაგო ხვიჩიასა და ალეკო ელისაშვილის საჯარო განცხადებები, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან კონკრეტული ლიდერები ავალებდნენ დანარჩენებს, რომ პირველი - მოდით შევუთანხმდეთ ხელისუფლებას და შემდეგ ჩვენ არ შევასრულოთ ჩვენი პირობა და მათ დარჩებათ ვალდებულება. მეორე - ეს შეთანხმება არ უნდა შედგეს და უნდა დაიბლოკოს მაქსიმალურად. რა პრობლემაა, რომ დაიცვა 3-4 დღე ის პირობა რაც შემოთავაზებულია. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკური ნება. ეს შეთანხმება ყველაზე მეტად დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ და სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს ძირითადი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მართვაზე, ამიტომ ჩვენი მოტივაცია ძალიან მაღალია, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ და დავასრულოთ ეს პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელს უშლის ყველა სხვა საქმეს. უნდა დასრულდეს შეთანხმებით სამართლიანი პირობების გარშემო. ოპოზიცია უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში, საპარლამენტო მუშაობის პროცესში. მოვისმინე 1-2 ღიმილის მომგვრელი განცხადება, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა თქვა, რომ გარდამავალ პარლამენტში ჩვენ შევალთო. 6 მოთხოვნა, რომელიც მათ დააყენეს პრეზიდენტ მიშელის წინაშე, აქედან 2-3 მოთხოვნა აუცილებლად მოითხოვს ოპოზიციის შესვლას და მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. გარდამავალ პარლამენტში შევალთო.სიმართლე გითხრათ, გამეღიმა. მარადიული პარლამენტი მე ჯერ არც ერთ ქვეყანაში მინახავს“, - განაცხადა თალაკვაძემ.