logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: მზად ვართ, „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით გაგრძელდეს შეხვედრები უახლოეს დღეებში
- +

13 მარტი. 2021. 23:02

 

„მიუხედავად იმისა, რაც გუშინ მოხდა და რაც ორივე მხარისთვის იყო არასასიამოვნო, მოდით, მივუტევოთ ერთმანეთს, რადგან, აცდენა მოხდა მოლოდინების და მზად ვართ, გავაგრძელოთ შეხვედრები, განხილვა და მსჯელობა კონკრეტული შემოთავაზებების ირგვლივ“,  - ამის შესახებ ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით ქუთაისში გამართული სამუშაო შეხვედრის ჩაშლის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

 

მინისტრის განმარტებით, ქუთაისის შეხვედრა დაგეგმილი იყო საქმიან ფორმატში, სადაც კონკრეტული სპეციალისტების, კომპეტენტური ადამიანების მონაწილეობით უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების დეტალების, მათ შორის მიწის გადაცემისა თუ  ინფრასტრუქტურული საკითხების განხილვა და შესაბამისად, მასში მინისტრების უშუალო მონაწილეობა აუცილებელი არ იყო.

 

„ჩვენ ველოდით, რომ საქმიანი დისკუსია იქნებოდა სპეციალისტების მონაწილეობით, მათი მოლოდინი კი იყო ალბათ უფრო პოლიტიკური დისკუსიის გამართვა, რადგან მე პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, თუმცა, არც ეგ არის პრობლემა და მზად ვართ, გავაგრძელოთ შემდგომ დღეებში შეხვედრები“ - აღნიშნა მინისტრმა.

 

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ლევან დავითაშვილთან ერთად ქუთაისში შეხვედრაზე ჩავიდა არა მხოლოდ მზაობით მსჯელობისთვის, არამედ კონკრეტული, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეეხება კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობის დროებით შეჩერებას, ვიდრე არ მოხდება კვლევების გადამოწმება, ასევე რამდენიმემილიონიანი ფონდის შექმნა ხეობის მოსახლეობისთვის, ქართველი დირექტორის დანიშვნა და საზედამხედველო საბჭოს შექმნა მოსახლეობის ჩართულობით.

 

„გვესმის, რომ მტკივნეული პროცესია, რადგან  ყველა ქვეყანაში ასეთ დიდ პროექტს ახლავს ხოლმე თავისი წინააღმდეგობები, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც ქუთაისში მოხდა, ამან ორივე მხარეზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა, ვთვლით, რომ აცდენა იყო მოლოდინებში, ამოცანებში და მზად ვართ შემდგომი შეხვედრების გასაგრძელებლად“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner