ერთი კარგი, დავიწყებული ტრადიციის შესახებ მინდა მოგიყვეთ, ამას წინათ დედაჩემმა გაიხსენა - გურიაში, როცა ადამიანს ვინმესთან უსიამოვნება შეემთხვეოდა ან რაიმე მიზეზის გამო თავს დამნაშავედ იგრძნობდა, ადგებოდა და საბოდიშო კალათს გაამზადებდა, სახლში რაც რამ კარგი ებადათ, კალათში ჩაალაგებდა, შეიძლება განსაკუთრებული ღვეზელი გამოეცხოთ ან ხაჭაპური და კეცის ჭადი, მოკლედ, კალათს „გაახაზირებდნენ“ და იმ ოჯახს ესტუმრებოდნენ, ვისი წყენის და გულისტკივილის მიზეზიც იყვნენ. ჰოდა, ამ საბოდიშო კალათს მეორე მხარე მიიღებდა, სუფრა გაიშლებოდა, ღვინოს მასპინძელი დაასხამდა და იქვე, ყველაფერი „გარკოული“ იყოო.
ეს ნაამბობი გურულების ჯგუფში დავწერე, ბევრი გამომეხმაურა, რომ ნამდვილად ახსოვდათ, ზოგმა დაწერა, რომ ასეთი კალათის წაღების მონაწილეც კი ყოფილა, დამიდასტურა ირაკლი მახარაძემ, რომ მამიდებისგან გაუგონია ამ ტრადიციის შესახებ, ზურა შევარდნაძემ კი მომწერა, ბებიასგან სმენოდა - ერთხელ, როცა ბაბუას ძროხას მეზობლის მანქანამ დაარტყა, ბაბუა ბრაზობდა, გავარჩიოთ მაი საქმე და მე თუ გავმტყუნდები, საბოდიშოს ვიკისრებო. გოჩა მეგრელიშვილმაც მოიგონა - იყო მაგფერი ტრადიცია...
- ერთხელ ბებიაჩემი მსგავს კალათას რომ ამზადებდა, მითხრა: ბებია, იი კი არ უნდა ათქმევიო, „ფასონიზა“ შემირიგდაო, ყორისფელი ხარისხიანი და საუკეთესო უნდა ჩაუალაგოოო... დედაჩემმა კი მითხრა, რომ ასეთი კალათის მომტანიც ახსოვს და წამღებიც - ჩემი მეწიეთელი ბაბუა პაწა ყიამყრალი კაცი იყო და ერთხელ ბებია საყვედურობდა- ბარნაბა, არ ხარ შენ ახლა მართალი და გირჩონია, საბოდიშო გაახაზიროო.
მოკლედ, ფაქტია, გურიაში არსებობდა ეს კარგი ტრადიცია და კაცმა არ იცის, რატომ დაივიწყეს, იქნებ ბოდიშის მოხდას გადაეჩვია ადამიანი , იქნებ თავის მართლება უფრო ადვილია, ვიდრე დანაშაულის აღიარება? რად უნდა მობოდიშებას დრო და კვირეული, თუკი მიხვდები, რომ ვინმეს გული ატკინე ან დაუმსახურებლად მოექეცი?!
შენდობის კვირააო და მე რისი შემნდობი ვარ, ღმერთმა შეგინდოთ, მე სიამოვნებით გავამზადებდი ერთ-ორ საბოდიშო კალათს...