ნიკანორ მელიას „გმირობაზე“ გადართულ საქართველოს დაავიწყდა, რომ ნიკანორის გარდა კიდევ რამდენიმე საამაყო „გმირი“ ჰყავს, რომლებიც „გმირთა“ გალერეაში იმავე ლოზუნგის წყალობით შევიდნენ, რითაც ნიკანორმა შეაბიჯა უკვდავებაში _ „არ გადავიხდი და ვერ დამიჭერენ!“
თუ გავითვალისწინებთ იმ ამბავს, რომ ნიკანორი დაიჭირეს, ხოლო დანარჩენები, რომლებმაც ნიკანორამდე გაცილებით ადრე ჩაიდინეს იგივე გმირობები, მაგრამ არ დაუჭერიათ, ნიკანორზე უფრო მაგარი გმირები გამოდიან, მაგრამ უსამართლოა ეს წუთისოფელი, მათ სახელს იშვიათად თუ ახსენებენ, ნიკანორის სახელი კი ქუხს მთელ მსოფლიოში. სწორედ ამაზეა ნათქვამი: „ზოგის ბამბაც ჩხრიალებს, ზოგის კაკალიც არა!“
არადა, მათი სახელით დედა-სამშობლო უნდა ამაყობდეს და თაობიდან თაობებს უნდა გადასცემდეს მათი ვაჟკაცობის, გაუტეხლობის და სიმტკიცის ამბებს.
ასე, მაგალითად, თაობებს უნდა გადაეცეს თემურ ჭყონიას სახელი, რომელმაც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ე. წ. თურქული კრედიტიდან ვალად აიღო 5 მილიონი დოლარი და ეს ვალი 21-ე საუკუნეშიც არ დაუბრუნებია.
თავიდან შევარდნაძე შეახსენებდა ხოლმე ყასიდად მაი ვალი რო ეიღე, ძამა, რეიზა არ აბრუნებო, ეს კიდევ, ცოტა მაცალეთ და გადავიხდი, ტოო, _ პასუხობდა, მაგრამ ამ „ცოტაც მაცალეთ“-ში მეოცე საუკუნე ქე მიილია, შევარდნაძეც დაბერდა, დაიღალა და სახლში წავიდა და თემურამაც ატკაზი დაარტყა: რა ხუთი მილიონი, რისი ხუთი მილიონი? რა ვალი, რისი ვალი? არ ვიხდი მაგ ხუთ მილიონს და არავინ შემაწუხოთო.
არც შეუწუხებიათ, თუმცა ჩანაწერი მაინც დატოვეს მომავალი თაობების საყურადღებოდ: შვილებო, ამ კაცს მე-20 საუკუნეში აღებული სახელმწიფოს ხუთი მილიონი დოლარი მართებს და 21-ე საუკუნეში თუ ვერ გადაახდევინებთ, 22-ში მაინც გადაახდევინეთო.
ვალის არგადამხდელთა და ვერდაჭერილთა სიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება „გმირი“ ზაზა ოქუაშვილის სახელი.
ნიკანორის 40 000 ლარი, საერთოდ, რა მოსატანია ზაზას 51 მილიონთან, რომელიც პრონციპულმა და მორალურად და ზნეობრივად გაუტეხელმა ზაზამ კატეგორიულად არ გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ვალის გადახდა 11-ჯერ (!) გადაუვადეს.
არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ! _ ლონდონიდან გვიქნევდა მუშტებს გულადი და მამაცი ზაზა და თან ინგლისის მოქალაქის პასპორტს გვაჩვენებდა შორიდან. ვერც დაიჭირეს და ვერც გადაახდევინეს, თუმცა საქართველოში მძევლად დატოვებული ზაზას ცოლი და ცოლის ძმა ნაცებმა გადაიპორტირეს და თავიანთ საპარლამენტო სიაში შეიყვანეს. სამაგიეროდ, ზაზამ თამბაქოს შესანახი საწყობები „მთავარს“ დაუთმო ტელესტუდიის მოსაწყობად, საიდანაც ნიკუტა და მისი ამფსონები საქართველოს წარმატებით აბოლებენ.
ნიკუტას გახსენებაზე, ბარემ, აქვე ვთქვათ, რომ არც ნიკუტაა ვინმეზე ნაკლები არგადამხდელი და ვინმეზე ნაკლები გმირი.
თავის დროზე, როცა ბატონი ნიკუტა „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ბრძანდებოდა, მანაც მტკიცე უარი განაცხადა სახელმწიფოსთვის გადასახადების გადახდაზე, ვალმა კი სადღაც 26 მილიონამდე აარტყა.
არ გადავიხდი და ვერც დამიჭერთო, ამ ისტორიული ფრაზის საავტორო უფლებას და არგადახდის გამო წამებული და ტანჯული გმირის დაფნის გვირგვინსაც სულ ტყუილად იჩემებს ნიკანორი მას ღირსეული კონკურენტები ჰყავს, რომელთა დიდი ღვაწლის მიფუჩეჩება უსამართლობა იქნებოდა.