logo_geo
eng_logo
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვისგან დამცავი ბადეების მონტაჟი დასრულდა
- +

11 ივლისი. 2016. 14:57


ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, გმირთა მოედნისა  და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე ქვისგან დამცავი ბადეები დამონტაჟდა. შესრულებული სამუშაოები თბილისის მერმა  დავით ნარმანიამ დღეს იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერა.


საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა,  იაპონურ და ქართულ კომპანიებთან ერთად, აწარმოა. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლდე პერიოდულად იშლება და ქვები ცვივა, შესაბამისად, პროექტის ფარგლებში ძველი დამცავი ბადეები ახალი, უფრო ეფექტური და უსაფრთხო ბადეებით ჩანაცვლდა.


თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, კომპანია „CRP"-ის წარმომადგენლებთან ერთად, იაპონელების მიწვევით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ახალი ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით, იაპონიაში იმყოფებოდნენ. ადგილზე შესრულდა საჩვენებელი  სამუშაოები, რომელშიც  მონაწილეობა ქართული მხარის წარმომადგენლებმაც მიიღეს, პარალელურად, დაათვალიერეს ის საწარმოები, სადაც  ზემოხსენებული ბადეები და ბაგირები მზადდება.


სამუშაოები 23 მაისს დაიწყო, რომელსაც იაპონური კომპანიები: „Tokyo Rope", „Mitsui" და „Jica", ქართულ კომპანია „CRP"-სთან  ერთად ახორციელებდნენ. დამცავი ბადეების მონტაჟი პროექტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდა.  ფინანსური მხარე სრულად უზრუნველყო იაპონურმა მხარემ.


გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე დასრულებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, თბილისის მერმა იაპონურ მხარესთან შეხვედრა დედაქალაქის მერიაში გამართა, სადაც მიმდინარე და  დასრულებულ პროექტებზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner