logo_geo
eng_logo
10 ივლისი თბილისში ტელეფონის დაბადების დღეა
- +

11 ივლისი. 2016. 15:28

123 წლის წინ, 1893 წლის 10 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა თბილისის საქალაქო სატელეფონო ქსელი. თბილისის მმართველობას სატელეფონო კავშირი თავის ზოგიერთ პუნქტთან მანამდე, 1886 წლიდან ჰქონდა. 1893 წლის 22 ივნისს ტელეფონი უკვე 19 პუნქტში იდგა, მათ შორის თბილისის პოლიცმეისტერის, თბილისის ფოსტა–ტელეგრაფის ოლქის უფროსის კაბინეტებში და თავად ჯორჯაძის, ღვინოების საწყობებში–გოლოვინის (რუსთაველის) გამზირსა და ვაგზალზე, ახლანდელი „სადგურის მოედანი“. 25 ივნისს ტელეფონის ზარი მთავარმართებლის კანცელარიაში, თამამშევის წისქვილში, მეტეხის ციხესა და კიდევ 7 პუნქტში გაისმა. მთავარმართებლის სასახლის ტელეფონის ნომერი იყო 1, 2 კი  - გაზეთ „ტიფლისკი ლისტოკის“ რედაქციის.

 

ტელეფონის პირველ აპარატებს საკუთარი კვების წყარო ჰქონდათ, რომელიც იქვე იყო განთავსებული და რაც მთავარია, მოჰყვებოდა მოხმარების წესი: „ზარის დასარეკი ტარი რამდენჯერმე უნდა გადაატრიალოთ, როდესაც  ცენტრალური  სადგური პასუხს გაგცემთ, უნდა უთხრათ, რომ ეს და ეს ნომერი მომეცით. როდესაც ცენტრალი გიპასუხებთ: – მზად არის, დაუძახეთო! – თავიდან უნდა დაიწყოთ ზარის რეკვა. ისაუბრეთ, რამდენიც გნებავთ. ლაპარაკის გათავებისას ზარის ტარი ნახევრად უნდა გადაატრიალოთ იმის ნიშნად, რომ ცენტრალურმა გაიგოს, ლაპარაკს მოვრჩიო“.

 

XXI საუკუნის ადამიანისათვის ძნელი წარმოსადგენია ასეთ აპარატთან ურთიერთობა და ყოველ ზარზე ამდენი დროის ხარჯვა. კიდევ უფრო წარმოუდგენელია ის წინააღმდეგობები, რაც ტელეფონის დანერგვას მოჰყვა. იმ ხანებში ტელეფონის დადგმაზე უარი განაცხადა სათავადაზნაურო ბანკმა, თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარემ და ბევრი მნიშვნელოვანი დაწესებულების ხელმძღვანელმა, მათ შორის კავკასიის საფოსტო ოლქის უფროსმა. არადა, 1880 წელს, ალექსანდრე ბელის მიერ „მოლაპარაკე ტელეგრაფზე“ პატენტის აღებიდან ოთხი წლის შემდეგ, ქართულ გაზეთებში გამოჩნდა სტატიები ტელეფონის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

 

აი, რას წერდა გაზეთ „დროებაში“ ივანე მაჩაბელი:

 

 „დიდი ხანი არ არის, რაც ტელეფონი გამოიგონეს. ეს ისეთი მაშინაა, რომლის შემწეობით შეიძლება კაცმა თავის ხმა ძალიან შორს გააგონოს. ეს მაშინა მოიგონეს თუ არა, მაშინვე ამერიკაში ზოგიერთებს აზრად მოუვიდათ, ქალაქებში გამოეყენებინათ. იმავე ამერიკის ერთ ქალაქში – ჩიკაგოში ახლა თითქმის ყოველს სახლში ტელეფონის მავთულია გაყვანილი და ყველა ეს მავთულები ერთს სახლში – სტანციაში, იკრიბებიან. ამ მავთულების შემწეობით შეგიძლიანთ ქალაქის ბოლოდან ქალაქის თავში მცხოვრებ თქვენ ნაცნობს გამოემასლაათოთ.

 

 

ერთ ამერიკის გაზეთში სწერდნენ, რომ ერთ ქალს ჩიკაგოში უეცრად შვილი ავად გაუხდა და მაშინვე ტელეფონით თავის დოქტორს შეატყობინა, – მომხედეო! დოქტორმა  ტელეფონითვე უპასუხა, – ტელეფონში ჩაახველოსო. ბავშვმა ჩაახველა და ეს ხველება ისე წმინდათ გადაეცა დოქტორს ყურამდე, რომ იმან ტელეფონითვე პასუხი მისცა დედას, – ნუ გეშინიან, თქვენს შვილს საშიში არა სჭირს რა, ამაღამ საჭირო არა ვარ, ხვალ მოვალ და დავათვალიერებო“.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner