ავტორი ვახტანგ კობაიძე
იაკობ ტრიპოლსკი - გახსენება
იაკობ ტრიპოლსკი - რამდენ სიკეთეს და სითბოს იტევს ეს სახელი და გვარი, რამდენი სიხარულია მოუტანია მის ნათელ ნიჭს, კაცურკაცობას. თითოეულ ჩვენგანს ვინც ერთხელ მაინც შესწრებია მისი ნიჭიერების გამობრწყინებას ქართულ სცენაზე, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მისი ხავერდოვანი ხმა, ანდა, წუთით მაინც შეხვედრია ცხოვრებაში ამ საოცრად მართალ კაცს, არ შეიძლება ტკივილად არ დარჩენოდა მისი გარდაცვალება.
ვუყურებ ძველ ფოტოებს და მახსენდება მის მიერ შექმნილი სცენური სახეები, ასამდე გაცოცხლებული გმირი, რომლებიც ერთმანეთისაგან დიდად განსხვავდება შინაგანი ბუნებით, კოლორიტით, ინტონაციით.
იაკობ ტრიპოლსკის არქივში რეცენზიებთან, ფოტო და სხვა მასალებთან ერთად ინახება მისივე ხელით ჩამოწერილი სცენაზე შესრულებული როლების სია. საერთო რიცხვი ოთხმოცდათექვსმეტია. 96 ადამიანის სიცოცხლით იცხოვრა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ერთმა ადამიანმა - იაკობ ტრიპოლსკიმ. 96 ადამიანის განცდა, სიხარული, სევდა თუ გასაჭირი ჰქონდა გამოვლილი და სხვებისთვის გაზიარებული - ზურია ხარატელი და ტიბალტი, მანვოლიო და ბესიკი, მანუჩარი, დონ ფერნანდო, ოქრო პაპა, მაურისიო, კაც ზვამბაია, დათა, ლელთ ღუნია, ირაკლი და მრავალი სხვა. თავაუღებელმა შრომამ, ჟინმა, ძიებამ თვალსაჩინო გახადა მისი მსახიობური ნიჭი, თვისებები, ფართო დიაპაზონი. იგი ჩამოყალიბდა, როგორც გარდასახვის ოსტატი.
იაკობ ტრიპოლსკის მოღვაწეობის ასპარეზი მარტო სცენაზე შესრულებული როლებით არ შემოფარგლულა. წლების განმავლობაში იგი კინემატოგრაფიაში გახმოვანების ურთულეს საქმეს ეწეოდა. იყო კარგი მთარგმნელი. მის მიერ თარგმნილი პიესები „პიგმალიონი" და „ანტონიუსი და კლეოპატრა" მრავალი წლის მანძილზე ამშვენებდა მარჯანიშვილის თეატრის სცენას. საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში მის მიერ ჩაწერილია პოეზიისა და პროზის არაერთი საუკეთესო ნიმუში, რომელიც დღეს ეგრეთ წოდებულ „ოქროს ფონდში" ინახება.
გადაღებულია ათობით ფილმში - „ჭრიჭინა", „ქალის ტვირთი", „მანანა", „შეხვედრა წარსულთან", „ქეთო და კოტე", „მიზნის არჩევა", „თავისუფლების ჯარისკაცები", „ფიქრები კოვპაკზე", და სხვა.
იაკობ ტრიპოლსკი გახლდათ მართალი, თავის ერსა და მამულზე შეყვარებული კაცი, ნამდვილი ხელოვანი. მისი ცხოვრება და შემოქმედება ის განძია, რომელსაც ყოველთვის პატივს მიაგებს ქართველი ხალხი, ადამიანს, როგორც თვითონ უყვარდა ხოლმე ხუმრობით თქმა, „ტომით უცხოს - გულით ქართველს".