logo_geo
eng_logo
სლოვაკეთში რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, პრემიერის გადადგომას ითხოვენ
- +

15 მარტი. 2021. 17:08

 

 

სლოვაკეთში რუსული ვაქცინის გარშემო აგორებული სკანდალის გამო, პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, სლოვაკეთის მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტია „სას“-მა ულტიმატუმი წაუყენა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იგორ მატოვიჩს, რომ ამ უკანასკნელმა თანამდებობა 24 მარტამდე დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში,  კოალიციიდან გასვლით იმუქრება.

 

პოლიტიკური კრიზისი სლოვაკეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა მმართველი კოალიციის სხვა წევრებთან შეუთანხმებლად რუსული ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა და „სპუტნიკის“ 2 მილიონი დოზა შეისყიდა.

 

აღნიშნული სკანდალის გამო, გასულ კვირას თანამდებობა დატოვა სლოვაკეთის ჯანდაცვის მინისტრმა მარკე კრაიჩმა, რომელმაც მანამდე რუსული ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

 

სლოვაკეთის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტია „სას“-ის ლიდერი და ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი რიჩარდ სულიკი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა პანდემიასთან ბრძოლა ჩააგდო, ხოლო პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა „ქაოსს იწვევს“.

 

„პრემიერ-მინისტრი ხელს უწყობს ქვეყნის დაყოფას, მას კონფლიქტი აქვს პრეზიდენტთან, მეცნიერებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან. ჩვენ მის მთავრობას მხარს ვეღარ დავუჭერთ“, – განაცხადა სულიკმა.

 

ამასთან, სულიკი ვადამდელი არჩევნების გამართვის წინააღმდეგია და მოითხოვს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დაინიშნოს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner