„ბაიდენის ადმინისტრაციამ დაპირება უნდა შეასრულოს და სირიაში ტრაგედიის დასასრულებლად თურქეთთან ერთად იმუშაოს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, „ბლუმბერგში“ გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში განაცხადა.
ერდოღანის თქმით, სირიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება დასავლეთის მიერ თურქეთისთვის გაწეულ დახმარებაზეა დამოკიდებული.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სირიაში მშვიდობის და სტაბილურობის აღსადგენად გადამწყვეტია ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნა, რომელიც ყველა სირიელის ნებას გამოხატავს.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო ზონები შექმნა, ტერიტორია ტერორისტებისგან გაათავისუფლა და არაერთი პროგრამა განახორციელა.
„ყველა ამ ზომების მიღებით, თურქეთმა ევროპა არალეგალური მიგრაციისა და ტერორიზმისგან დაიცვა და NATO-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე უსაფრთხოება უზრუნველყო. ჩვენი მოქმედებები, რომლებიც ასახავს ჩვენს ღირებულებებს, მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას, რომ თურქეთი არის ჩაგრული ხალხის იმედი, უდანაშაულოების მცველი და გადაჭრის გასაღები“, – აცხადებს ერდოღანი.