„მალარიის გადამტანი კოღოები საქართველოში გვყავს და საკმაოდ დიდი რაოდენობით, მაგრამ საბედნიეროდ, მალარია არ გვაქვს. უკვე რამდენიმე წელია, რაც ადგილობრივი შემთხვევა არ გვქონია", - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.
პაატა იმნაძის თქმით, აგვისტოში ჩატარდება კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაო ზიკას ვირუსისა და მალარიის გადამტანი კოღოების რაოდენობის შესამცირებლად.
„რაც შეეხება ზიკას ვირუსის გადამტან კოღოს, მონაცემების მიხედვით, ზიკას გადამტანი კოღო პირველად 60 წლის წინ დაფიქსირდა. მას შემდეგ, 2014 წელს ვიპოვეთ შავიზღვისპირეთში, ოღონდ ძალიან ცოტა რაოდენობით და შეზღუდული ლოკაციების ადგილებზე. რადგან ზიკას ვირუსისა და მალარიის გადამტანი კოღოები იქნა აღმოჩენილი შავიზღვისპირეთში, დაწყებული სარფიდან, დამთავრებული ანაკლიამდე, ჩატარდა ძალიან ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები, შარშანაც, წელსაც და კიდევ ერთი ტური ჩატარდება აგვისტოში, რათა შემცირდეს როგორც მალარიის, ისე ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო", - ამბობს პაატა იმნაძე.
აქვე, პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ საქართველო არის კოღოს კლასიკური ქვეყანა. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი პირობები ყოველთვის ბუნებრივი არეალი იყო კოღოსთვის.
პაატა იმნაძის განცხადებით, არ არსებობს მალარიის საწინააღმდეგო აცრა.
„ამ დაავადებაზე აცრა არ არსებობს. მიდის მუშაობა ვაქცინაზე, მაგრამ ისეთი ვაქცინა, რომ მალარიას ებრძოლოს, ჯერ არ არსებობს. ეგ რომ არსებობდეს, აფრიკაში მალარიისგან მილიონობით ბავშვი არ დაიღუპებოდა", - ამბობს იმნაძე.