logo_geo
eng_logo
ლევან წიქარიშვილი: ყველა ასეთი ძეგლის ნახვისას გეუფლება სიხარული, რომ შენი წინაპრების დანატოვარი იპოვე...
- +

11 ივლისი. 2016. 15:58


ახლაგაზრდა ქართველ მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობს თემურ ხუციშვილი, 10-წლიანი შრომის შედეგად  ტაო-კლარჯეთში ასეული სრულიად უცნობი ქართული ძეგლი იპოვა. როგორც „კვირის პალიტრას" ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ლევან წიქარიშვილმა განუცხადა, ტაო-კლარჯეთის ზუსტი რუკების დახმარებით 1000-მდე სოფელი და ნასოფლარი მოინახულეს, რომლებსაც ქართული დასახელებები აქვთ.


„საბედნიეროდ, არსებობს ტაო-კლარჯეთის ზუსტი რუკები, როგორც ქართული, ასევე თურქეთის იმპერიის დროს შედგენილი, სადაც ყველა სოფელია აღნიშნული. თურქეთი აღწერდა დაპყრობილ ტერიტორიას გადასახადების დაკისრების მიზნით და სწორედ ამ დავთრებს ახლავს რუკები. 1595 წელს შედგენილი გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, თურქეთის მიერ დაპყრობილი სამხრეთ საქართველო 8 ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფა: ახალციხის, ხერთვისის, ახალქალაქის, ჩილდირის, ფოცხოვის, პეტრას, ფანაკისა და დიდი არტაანის ვილაითები, სადაც 1160 დასახლებული პუნქტი, ანუ სოფელია. ყველა მათგანს ამ რუკაზე იმდენად ქართული სახელები აქვთ, რომ სამუდამოდ გამახსოვრება. მაგალითად, მინდაშენი, ახალშენი, წისქვილისხევი, ალუბალა, სამოთხე...

ამ ტერიტორიაზე 1000-მდე ასეთი სოფელი და ნასოფლარი მოვიარეთ. ფაქტობრივად, არ არის სოფელი, რომელსაც  საკუთარი ტაძარი და სალოცავი არა აქვს. რასაკვირველია, უმეტესობისგან ნანგრევები, ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვის რიგია დარჩენილი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჯერ კიდევ არსებობს და მისი უძველესი სახელწოდებაც ცოცხლობს.

ყველა ასეთი ძეგლის ნახვისას გეუფლება სიხარული, რომ შენი წინაპრების დანატოვარი იპოვე, თან სევდა გიპყრობს, რომ განადგურებული დაგხვდა. თუმცა ამ ძეგლებს შორის ბევრს კვლავ აქვს თავისი დიდებულება შენარჩუნებული.

მათ შორის მნიშვნელოვანია ბოლოდროინდელი აღმოჩენები: სოფელ ჯუღოსთან, მაღალი კლდიდან გადმოსცქერის მიდამოს ჯუღოს ციხის 10-მეტრიანი გალავანი, საოცრად ლამაზია ხანძთის მონასტრის ახლოს, მიუვალ მთაში, ძნელად მისადგომი ხანძთის ციხე. ციხე უკეთ არის შენახული, მაგრამ ციხის შიგნით მდებარე სამლოცველოსგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. ულამაზესია ესბეკის კომპლექსი, მისი ციხე და ეკლესია. ეს ქართული ხელოვნების მწვერვალია", - განაცხადა წიქარიშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner