ვატიკანმა საქართველოსა და აზერბაიჯანში რომის პაპის ფრანცისკე პირველის ვიზიტის პროგრამა გამოაქვეყნა. რომის პაპი საქართველოში 30 სექტემბერს ჩამოვა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პონტიფიკოსი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ასურულ-ქალდეური საზოგადოებისა და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, ასევე კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდება.
1 ოქტომბერს რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, მოგვიანებით კი მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს.
2 ოქტომბერს ფრანცისკე პირველი ბაქოში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობას, რუსული მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებსა და ებრაულ სათვისტომოს შეხვდება. 2 ოქტომბრის საღამოს რომის პაპი ვატიკანში დაბრუნდება.