logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: სტარტაპების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია
- +

11 ივლისი. 2016. 18:09


საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საუბრობს სტარტაპების პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის ინოვაციური იდეების განხორციელებაში ხელშეწყობასა და მათ ფინანსურ დახმარებას. მისი თქმით ეს პროექტი ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება.


„სტარტაპები სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით. სტარტაპები ქვეყნის სწრაფი განვითარების კონცეფციის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.

 

დღეს ახალგაზრდას აქვს იდეა, ხშირ შემთხვევაში ინოვაციური და საინტერესო, სურს მისი განხორციელება, მაგრამ არ აქვს ფინანსური საშუალება. ვიღებთ იმას, რომ კვდება საინტერესო იდეები, არ ხდება ინოვაციების დაფინანსება. ეს კი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, აჩენს ნიჰილიზმს, ჩნდება იმის განცდა, რომ ჩვენი ქვეყანა სიახლეებისკენ არ მიისწრაფვის.

 

ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდა ხედავს, რომ მისი იდეა მის ქვეყანაში ვერ ხორციელდება, სამაგიეროდ უცხოეთში სხვას აზრად მოუვიდა და წარმატებით განხორციელდა. ამის გამო გული სწყდება, რომ საკუთარ ქვეყანაში ხელი არ შეუწყვეს.

 

ასე რომ, სტარტაპების პროექტი, რომლის განხორციელებაც ჩვენ დაგვევალა, მიგვაჩნია, რომ ძალიან დროული და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ეს მათთვის დიდი სტიმულია.

 

პროცედურა ასეთია: მოდის პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, გვეუბნება, რომ აქვს რაღაც ინოვაციური იდეა. ეს ინოვაცია შეიძლება იყოს ახალი პროდუქტი ან რომელიმე პროცესში რაღაც ინოვაციური ელემენტი, რომელიც ამ პროცესს უფრო საინტერესოსა და მნიშვნელოვანს გახდის. ამის მერე შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო" და ეს პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი ქმნიან ერთობლივ კომპანიას, რომელსაც ჩვენი ფონდი 15 000-დან 100 ათას ლარამდე დაფინანსებას გამოუყოფს. მიუხედავად იმისა, რომ იდეის ავტორის მონაწილეობა პროექტში საერთო თანხის მხოლოდ 10% იქნება და დანარჩენ 90%-ს ფონდი დაფარავს, ამ კომპანიაში მას ექნება არანაკლებ 50%-ისა, ზოგ შემთხვევაში, როცა მაღალ ტექნოლოგიებთან გვექნება საქმე, შეიძლება, იდეის ავტორს 95%-იც კი დარჩეს, თან ისე, რომ თანხა პროექტში საერთოდაც არ ჩადოს. ასე რომ, ყველაფერი იდეაზე იქნება დამოკიდებული.

 

თუკი იდეა სცილდება ფონდის მასშტაბებს და პროექტი ჰაი-ტექნოლოგიებს ეხება და ბევრად ძვირი ღირს, მაშინ მის დაფინანსებასა და განხორციელებაში საერთაშორისო ექსპერტები და საერთაშორისო ინსტიტუტები ჩაერთვებიან.

 

ჩვენ ვგეგმავთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც იშრომა, იფიქრა, თუმცა, ჩვენს სტანდარტებში ვერ ჩაჯდა. გვექნება ტრენინგები, რათა მათი პროექტები დაიხვეწოს, ფინანსურით დაწყებული და იურიდიულით დასრულებული, ყველა სახის ნიუანსში გავარკვევთ, რათა უკვე გამართული პროექტი შემოიტანონ და კონკურსში გამარჯვების შანსიც ჰქონდეთ.

 

აქცენტს ვაკეთებთ რეგიონებზე. ვცდილობთ, პროექტი თბილისში, ბათუმში ან ქუთაისში არ ჩაიკეტოს და რაიონებიდან მაქსიმალურად ბევრი იდეა წამოვიღოთ.

 

თვის ბოლოს პირველი ეტაპი დასრულდება. 31 ივლისამდე შემოტანილ განცხადებებს განვიხილავთ, შევისწავლით და დავახარისხებთ, უკვე სექტემბრის დასაწყისში პირველ გამარჯვებულებსაც გამოვაცხადებთ. ერთი თვის მანძილზე ისინი ფინანსებსაც მიიღებენ საკუთარი იდეების განსახორციელებლად.

 

განცხადებებს, რომლებიც 30 ივლისის შემდეგ შემოვა, უკვე შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ და გამარჯვებულებს ოქტომბერში გამოვაცხადებთ", - ამბობს დავით საგანელიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner