logo_geo
eng_logo
ავთო აბესლამიძე: ასე მოვედი დღემდე...
- +

11 ივლისი. 2016. 18:24


მუსიკალური პროექტის, „X-ფაქტორის" მესამე სეზონი დასრულდა და მისი გამარჯვებული ბათუმელი ავთო აბესლამიძე გახდა. ჟურნალ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში იგი საუბრობს თავის ბავშვობასა და მუსიკალურ გამოცდილებაზე და ამბობს, რომ მუსიკალური განათლება არასდროს მიუღია და ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია.


„ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემი მძღოლია, დედა - ექთანი. ლაპარაკთან ერთად დავიწყე ღიღინიც. ჩემი ბაბუა, დედაჩემის მამა, მომღერალია, ხალხურ გუნდში მღეროდა. მამაჩემის მამა კი მოცეკვავე იყო. მეც ვცეკვავ, მაგრამ არაპროფესიულად.

 

ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია. 5 წლის ასაკში სტუდიაში შემიყვანეს. მაგრამ, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვეღარ გავაგრძელე სწავლა. თან ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, სიყვითლე დამემართა. მაშინ მეგონა, რომ დროებით ვტოვებდი სტუდიას, მაგრამ სამუდამოდ გამოვიდა. მაინც ვერ მოვეშვი სიმღერას. დამოუკიდებლად, ჩემით ვცდილობდი დავხვეწილიყავი. დიქტოფონზე ვიწერდი ჩემს ნამღერს, მერე ვუსმენდი და რაც არ მომწონდა, ვცვლიდი. ასე მოვედი დღემდე.

 

ოთხი წლის წინ ბათუმის ერთ-ერთ ტელევიზიაში, სატელევიზიო-მუსიკალურ პროექტ „დილის ტალღაში" მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. ეს იყო სტიმული იმისა, რომ არ გავჩერებულიყავი. მე ეს დამოუკიდებლად შევძელი, საკუთარ თავის ძალა ვიგრძენი. ბავშვობიდან კონცერტებზე და სხვა ღონისძიებებზე ვმღეროდი, საქველმოქმედო საღამოებზე გამოვდიოდი. ამ მხრივ, სკოლაშიც და უმაღლეს სასწავლებელშიც ძალიან აქტიური ვიყავი. ასე რომ, სცენა უცხო არ ყოფილა ჩემთვის.

 

აჭარის ტელევიზიის პროექტში გამარჯვების შემდეგ ბულგარეთში გამიშვეს საერთაშორისო კონკურსზე, სადაც პირველი ადგილი ავიღე. იქ იყო ჟიურის წევრი, რომელმაც სანკტ-პეტერბურგში მიმიწვია მუსიკალურ კონკურსზე. იქ გრან-პრი ავიღე. სანკტ-პეტერბურგის კონკურსზე ჟიურის გერმანელ წევრს მოვეწონე და ბერლინში მიმიწვია საერთაშორისო ფესტივალზე. იქაც გრან-პრი დავიმსახურე. ეს ყველაფერი ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა. ყველა კონკურსის შემდეგ ვამბობდი, რომ მუსიკალური განათლება უნდა მიმეღო, რომ ამის გარეშე კონკურსებში დიდი პერსპექტივა არ გაქვს, მაგრამ კი მოვედი აქამდე. ყველა კონკურსზე ჩემი მთავარი კოზირი ჩემი ხმის ტემბრი იყო", - ამბობს ავთო აბესლამიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner