logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: ქართველებო, რუსებო, აფხაზებო, ოსებო, აზერბაიჯანელებო და სომხებო, გაიღვიძეთ!
- +

11 ივლისი. 2016. 18:35


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს" ლიდერი ზვიად ჩიტიშვილი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ მისი თანაგუნდელის, აწ განსვენებული სულხან მოლაშვილის მწამებლებსა და მკვლელებს ხელისუფლება მკაცრად არ დასჯის, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყება! ჩიტიშვილის თქმით, ოდესღაც უმდიდრესი და თავმოყვარე ქართველი ხალხი მიზანმიმართულად გააღატაკეს და მეორადი მანქანებისა და ტანსაცმლის მომხმარებელ ერად აქციეს, რაშიც ამერიკისა და თურქეთის დამსახურება დიდზე დიდია!


- ბატონო ზვიად, საგანგებოდ უნდა გკითხოთ აწ განსვენებული სულხან მოლაშვილის შესახებ! თუ არ ვცდები, ის თქვენი პარტიის - „ჩვენი სამშობლოს" წევრი იყო.

 

- უპირველეს ყოვლისა, მომხდარი საშინელების გამო ვუსამძიმრებ ბატონი სულხანის ოჯახს და გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ სულხან მოლაშვილის სახით საქართველომ მამულიშვილი დაკარგა! სულხან მოლაშვილი თავისი პარტია „სახალხო ხელისუფლებით" ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში მოვიდა და ამდენად, ის ჩემი თანაგუნდელი გახლდათ. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ სულხან მოლაშვილი ვერ გატეხეს და ვერ დაამცირეს! მართალია, სულხანი მოკლეს, მაგრამ ის მუხლებზე ვერ დააყენეს და ვერ დაიმონეს! კაცი წლების განმავლობაში ასახელებდა კონკრეტულ გვარებს, ირწმუნებოდა, რომ იმ ადამიანებმა აწამეს, მაგრამ არავითარი შედეგი... თუ ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს და სულხან მოლაშვილის მწამებლებს უმკაცრესად არ დასჯის, ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ გამოსვლებს და პირობას ვდებთ, ამ გამოსვლებს დიდი შედეგიც მოჰყვება!


- შედეგში რას გულისხმობთ?

 

- საზოგადოება, ცნობადი ხალხი, პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები მხარს აგვიბამენ და შედეგი იქნება! ოპოზიციას ურთიერთპატივისცემისა და ერთიანობისკენ მოვუწოდებ! იმის პირობასაც ვდებ, რომ თუ ვინმეს ჩვენს პარტიაზე უფრო ღირსეული მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება სადმე, იქით დავეხმარები და გამარჯვებაში ხელს შევუწყობ! საქართველოში სოციალური თანასწორობა უნდა აღდგეს, ეს მაფიოზური კლანები უნდა მოისპოს და ამერიკელმა არ უნდა მითხრას, როგორ შევურიგდე ოსებსა და აფხაზებს!


დედა მყავს ოსი და ამერიკელმა უნდა მასწავლოს, ოსებს როგორ შევურიგდეთ? ეს სამარცხვინოა. ქართველებო, რუსებო, აფხაზებო, ოსებო, აზერბაიჯანელებო და სომხებო, გაიღვიძეთ! ამერიკელებმა პატარა-პატარა ერთმანეთზე გაბოროტებულ და ჩასაფრებულ ჯგუფებად დაგვყვეს! ამერიკელებმა და თურქებმა ჯერ ეკონომიკურად გაგვანადგურეს, დაგვამშიეს და ახლა ჩვენი გაწვრთნა დაიწყეს! ვერ ვხედავთ, რომ თავმოყვარე და ოდესღაც უმდიდრესი ერი მეორადი მანქანების, მეორადი ტანსაცმლისა და მეორადი ავეჯის გამსაღებელ ერად გვაქციეს?!


30 წელია, რუსეთში ვცხოვრობ, ამდენი რამ გამიკეთებია საქართველოსთვის და ვინმეს ჰგონია, თქვენს გვერდით როცა ვიქნები, ნაკლებს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის?! მთავარია, ერი გაერთიანდეს, ქვეყანა გაერთიანდეს და დარწმუნებული ვარ, ეკონომიკას ძალიან მალე ეშველება!


იცოდეს ყველამ - მოვდივართ სუფთა გულით, სუფთა ხელებით და საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის სიკეთის გარდა, სხვა არაფერი გვსურს! არჩევნების დროს ყველა პარტია ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ შემდეგ დანაპირები ყველას ავიწყდება და არ მინდა, ჩვენი პარტიაც სხვებს დაემსგავსოს! როგორც პატარა ბავშვი დედის ძუძუს, ბევრი ავანტიურისტი თუ პოლიტიკოსი ისე შეეჩვია პარლამენტს და გასაგებია, რომ საჭმელთან, პრივილეგიებთან და მით უფრო, დედის ძუძუსთან განშორება ყველა არსებას უჭირს... ამის მიუხედავად, პარლამენტთან განშორება ბევრს მოუწევს! მე, მაგალითად,  ხალხთან პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთად წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე და პარტიების ლიდერებმა ერთმანეთის თვალწინ ვუპასუხოთ ხალხის შეკითხვებს, თუ ვის რა გაუკეთებია საქართველოსთვის!


- ბატონო ზვიად, ასეთი შეხვედრების ორგანიზებას ქუჩაში გეგმავთ თუ ტელესტუდიასა და დარბაზში?

 

- ვფიქრობ, ღია შეხვედრები ამომრჩეველთან უნდა გაიმართოს ქუჩაშიც, დარბაზშიც და სტუდიაშიც, სადაც სათითაოდ დაგვისვამენ შეკითხვებს! მზად ვარ, მსგავსი შეხვედრების ორგანიზების მიზნით ჩვენმა პარტიამ სახსრები გაიღოს! ჩვენ, პარტიების ლიდერებს ერთმანეთთან ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი... მაგალითად, ზოგი ჩემს გეგმებს იპარავს და ითვისებს, ხოლო ზოგი - ამომრჩეველს რუსეთისგან ჰპირდება დახმარებას, ეს მაშინ, როცა არც რუსული იცის წესიერად და არც რუსეთის მოქალაქეა! ყველა ყველაფერზე ლაპარაკობს, მაგრამ ქვეყნის დანგრეული და განადგურებული ეკონომიკა როგორ უნდა ავაღორძინოთ, ამაზე კონკრეტულად არავინ არაფერს ამბობს!


საქართველო უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ რეცესიაში იმყოფება და ვითარება კატასტროფულია. მოსახლეობის 80 პროცენტი გაღატაკებულია, ოჯახები ნადგურდება და მთელ ქვეყანას ბანკების ვალი აქვს. როგორც კი ჩვენ პარლამენტში შევალთ, მაშინვე გამოიცემა ფინანსური ამნისტია, რათა ხალხმა ერთი წლით მაინც  დაისვენოს ბანკებისგან! ბანკებმა ხელში ჩაიგდეს სამშენებლო და ფარმაცევტული ბიზნესი, საბავშვო ბაღები და საგანმანათლებლო სფერო! ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ბანკირებს არაპროფილური საქმიანობა უნდა აეკრძალოთ! ისეთი სისტემა შექმნეს, ბანკები ყოველ ნაბიჯზე გვაცლიან ჯიბიდან ფულს და როგორ გგონიათ, სად მიდის ამოდენა თანხები? ან ამერიკაში, ან იმ ჯგუფის ჯიბეში, რომელიც საქართველოში ცხოვრებას არ აპირებს! ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - ადრე, ჩვენს ბავშვობაში, ბანკებს ჰქონდათ ქართველი ხალხის ვალი, ხოლო ახლა ბანკების ვალი აქვს მთელ საქართველოს!


- ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებას, ალბათ, ძალიან უშლის ხელს ახალგაზრდობის ქვეყნიდან გადინებაც!..

 

- როგორ გვინდა, საქართველო ავაღორძინოთ, როცა თითქმის ყველა მშობელი იმაზე ფიქრობს, რომ შვილი უცხოეთში გაგზავნოს?! 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველო უნდა აღმოჩნდეს ახალ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობაში და ამდენად, ამ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს სულს ხდის უნდობლობა. ქართველი ქართველს აღარ ენდობა, რადგან გაჭირვებამ და უბედურებამ ადამიანები უპიროებად, ცრუპენტელებად და თაღლითებად აქცია! ამ ყველაფრის სათავე, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში უნდა ვეძებოთ, რადგან ყველაზე დიდი მატყუარები და თაღლითები სწორედ ხელისუფლებაში არიან მოკალათებული!


- ბატონო ზვიად, როგორ უნდა დადგეს ფეხზე საქართველოს ეკონომიკა?

 

- სოფლის მეურნეობის აღორძინების გარეშე საქართველოს ეკონომიკას არაფერი ეშველება! ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ამ მხრივ თითქოს რაღაც გამოცოცხლება იგრძნობა, მაგრამ სოფლის მეურნეობის პროგრამები ძირითადად მაინც ჩავარდნილია და ვერ მუშაობს! ვერ მუშაობს იმიტომ, რომ კრედიტები არ არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიები არ არსებობს! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უცხოეთიდან შემოტანილ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მაღალი საბაჟო გადასახადი დავაწესოთ, რათა ჩვენი პროდუქცია გავასაღოთ და ჩვენი სოფლის მეურნეობა განვავითაროთ! აი, მაგალითად, გორელებს ვიზების გაკეთებასა და რუსეთში ბაზრის გახსნას დღესვე ვთავაზობთ, რათა ქართული ვაშლი რუსეთში გაიყიდოს და მოგება საქართველომ ნახოს! ჯერ ხელისუფლებაში არ ვართ, მაგრამ ამ საქმეში ხელისუფლებას გავეჯიბრებით და დაე, საზოგადოებამ თვითონ ნახოს, ვინ რისი მაქნისი და გამკეთებელია! მარნეულში გახლდით და აზერბაიჯანელებში დიდი სიყვარული დავინახე საქართველოსადმი... იგივე ითქმის ოსებზეც, რუსებზეც და ყველა იმ ეროვნების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ. მე ჩემი ხალხის ერთიანობის იმედი მაქვს!

 

 

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner