logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ყაჩაღობა... უთოფოდ!!!
- +

4 მარტი. 2016. 13:58



ეტყობა, არ უყვარს დედაქალაქის მერს ან რაიონების გამგებლებს ტურისტული მარშრუტებით სეირნობა. არადა, ზოგჯერ ესეც აუცილებელი და ქალაქისთვის საჭირო საქმეა. მერი არ დადისო და ეტყობა, არც სხვები იწუხებენ თავს ამ ადგილებში სტუმრობით. ჰოდა, ამიტომაცაა, ბევრი რამის (განსაკუთრებით კი ნეგატიურის) საქმის კურსშიც რომ არ არიან. აი, მაგალითად, თუ იცის მერმა ან მისმა მოადგილეებმა, ან კიდევ უამრავმა ჩინოვნიკმა, „ნაჩალნიკობაზე" რომ აქვს პრეტენზია, რა ღირს 20 წუთით მანქანის გაჩერება ზოგიერთ „პრესტიჟულ" ადგილზე. მაგალითად აბანოთუბანში, „შარდენის" ან „პეროვსკაიას" მისადგომებთან, „მეიდანზე"?.. დაგენიძლავებით, რომ არ იციან... რომ იცოდნენ, მგონია, პირდაპირ ვიტყვი, არ დაუშვებდნენ იმ უთოფო ყაჩაღობას, დღისით, მზისით რომ ხდება ამ ქალაქში (ამ ადგილებში), სადაც, პოეტის თქმის არ იყოს, „ყველაფერი მოსულა"... და ეს უმსგავსოება ხდება არამარტო მერიის ხელდასხმით, არამედ მისი სახელითაც კი. თანაც, უსირცხვილოდ! თანაც, უქვითროდ! თანაც, „პოსტ-ფაქტუმ", ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე! გუშინდელ ამბავს მოგახსენებთ, შუადღისას მინდოდა, ერთი ადამიანისთვის წიგნი გადამეცა და პატრულით „დახუნძლულ" მოედანზე ადგილი რომ არ იყო, პატრულისვე რჩევით(!!!,) სახელდახელოდ „შემოღობილ" სადგომს მივაშურე... ჰოდა, ფინალი იყო საინტერესო, ხოლო დიალოგი - მეტისმეტად!!!


მოკლედ, „მეიდანში" (კიევის „მაიდანში" არ აგერიოთ მერიის თანამშრომლებს) ავტოსადგომზე ათი-ოცი წუთით მანქანის გაჩერება, ანუ შლაგბაუმის ერთი აწევა-დაწევა ხუთი ლარი დაგვიჯდა. ნიხრი არ ვიცოდით, თორემ ამ სისულელეს როგორ ჩაიდენდა მართლა საქმეზე მიმავალი ადამიანი. „პატრონიან სტაიანჩიკს" როგორც კი ჰკითხავ: რატომ ღირს ათი წუთი ხუთი ლარი?! თუ ასეა, მაშინ ნიხრი რატომ არსად წერია?! ვინ „პატრონობს" აქაურობას?! - მაშინვე „ასინეთასავით" გაზეპირებული „აქოური წესით" გიპასუხებს: ეს შლაგბაუმიც მერიის დაყენებულია და ფასიც მაგათი დაწესებულიაო. დაჟინებით რომ ჩავეკითხეთ, „რაღაც" ქაღალდი აგვიფრიალა, რომელსაც „რაღაც" ნახაზიც ჰქონდა მიმაგრებული... ისიც გვითხრა, აგერ, მოპირდაპირე შენობაში სხედან ამ „ფირმის" პატრონები და იმათ ჰკითხეთო... იმათთან მე საკითხავი არაფერი მაქვს, აი მერიის ჩინოვნიკებს, ვისაც ეხება (მაგ. ნებართვა, კონტროლი) ნამდვილად შევეკითხები, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: სინდისი რომ არ გაწუხებთ, გასაგებია, მაგრამ მთლად ასეთი „გონიერები" როგორ ხართ, რომ გჯერათ, ამ თავხედობაზე ხმას რომ არავინ ამოიღებს და პასუხს არ მოგთხოვთ?


უფრო მეტსაც ვიტყვი: ეს ხდება დღისით, მზისით! მაგრამ, თქვენ ყაჩაღობა ღამით უნდა ნახოთ, როცა ამ შლაგბაუმის გავლა ათი ლარი ღირს (?!). ერთი სიტყვით, ჩვეულებრივ მოკვდავს ძველი თბილისის ტერიტორიაზე გასეირნება (მანქანა ხომ უნდა დააყენო სადმე) უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე აქ დალეული ერთი კათხა ლუდი.


„...აქ ვინც შემოდის, იმან ფასიც იცის და გადამხდელიც არის. თუ არ მოგწონს, წადი და სხვაგან მოძებნე ადგილიო..." არც ამ ცინიზმის საფუძველს სჭირდება ცხრა მთას იქით ძებნა და ძვირფასმა მერიამაც აწი კარგად დაითვალოს, ვის რა, რის ფასად დაუჯდება!


მოგიწევთ ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ დიდსულოვნად გაფრთხილებთ: თქვენს ყველა ნათქვამს ბოლომდე ჩავყვებით! იმასაც გავიკითხავთ და თქვენც გთხოვთ, გვაცნობოთ: აქამდე რამდენი ჰქონდა და დღეს რამდენს იხდის ბიუჯეტში ის ფირმა-კომპანია, რომელსაც მერიისგან (კონკრეტულად, რომელი თანამდებობის პირისგან) აქვს მიცემული მოქალაქეების გაყვლეფის ნებართვა!


თუ გსმენიათ და თუ გინახავთ, რომ რომელიმე ქვეყანაში, ე. წ. „ძველ ქალაქში" ხელისგულისოდენა მოედანი შლაგბაუმიან(!!!) ფასიან ავტოსადგომად (ანდა, ზოგადად ავტოსადგომად) იყოს გადაქცეული?! რა ესაქმება მაგ ადგილას 5-10-ლარიან ავტოსადგომს, და თუ მართლა არაფერი ესაქმება, ვინ და როგორ გაბედა მერიის ნებართვის გარეშე მისი მოწყობა?! ერთი წამითაც არ გვეპარება ეჭვი, რომ მერიაში გაიკვირვებენ ამ ფაქტს და იტყვიან: შლაგბაუმი მერიას არ დაუყენებიაო! არც მეორე ვარიანტი გაგვაკვირვებს: მერიისგან მაგ შლაგბაუმის, როგორც გადაუდებელი და აუცილებელი არსებობის „მტკიცებას" რომ მოყვებიან (ამაზე, ის წერილი და ნახაზიც მეტყველებს, თვალწინ რომ აგვიფრიალეს). სხვა საქმეა - დავიჯერებთ თუ არა?!


ყაჩაღობა მხოლოდ გზაზე თოფით დახვედრაა და ყაჩაღი - მხოლოდ თოფიანი მძარცველი?


ნუ გარისკავთ და ამ შეკითხვას ისე ნუ შეხედავთ, როგორც რიტორიკულს!


როგორც ლავრენტი პავლოვიჩი იტყოდა: ...ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია - შენი საქმე უნდა იცოდე კარგად და ყველაფრის კურსში იქნებიო!..


ერთ რჩევას კი კეთილმოსურნის პოზიციიდან მოგცემთ: არ არის აუცილებელი, ქალაქის მერმა და მისმა ამალამ ძველი მერივით „ძველ თბილისში" მხოლოდ დროის სატარებლად იაროს. არც დადისო, ამბობენ! საქმეც ეგ არის, რომ მაგ ტერიტორიაზე საქმიანი შემოვლაც შეიძლება. აი, ისე, ჩვენსავით. ეს ტურისტული ზონაა და იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებლივი და მორალური კუთხით. გარდა კომპეტენციისა, ამის გაგებას კიდევ ერთი რამ სჭირდება: სიყვარული!!!! თბილისისადმი დიდი სიყვარული!!!!!




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner