განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განათლების სამინისტროს ძირითად მიმართულებებზე საუბრობს. ჯეჯელავას თქმით, განათლების სისტემის საბოლოო მოდელი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სამინისტროებთან თანამშრომლობა, რათა მიიღონ ერთიანი ხედვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ არ ვიცით, საბოლოო ჯამში, როგორი განათლების სისტემა გვინდა, ძალიან გაგვიჭირდება აქტიური გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ერთი კვირის წინ, ხედვის პრეზენტაცია სწორედ ამ მიმართულებით გვქონდა. ეს ემსახურებოდა იმას, რომ ჩემს კოლეგებთან უნდა გამიჩნდეს შეთანხმებული პოზიცია. მოგეხსენებათ, რომ ერთი ადამიანი არ წყვეტს არაფერს, ეს არის გუნდური გადაწყვეტილება. ამიტომ პირველი, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, არის ის, რომ ეკონომიკისა და სხვა სამინისტროებთან თანამშრომლობით მივიღოთ ერთიანი ხედვა, საით მივდივართ. მოგეხსენებათ, განათლების სამინისტროს 5-6 სხვადასხვა მიმართულება აქვს. აქ არის მეცნიერება, რომელიც ხშირად ავიწყდებათ და განათლების მინისტრს მეძახიან. მე მარტო განათლების მინისტრი არ ვარ. აქ არის უმაღლესი, პროფესიული, სასკოლო და სკოლამდელი განათლება. ყველა ამ მიმართულებით უნდა დავდოთ ძალიან ნათელი ხედვა და დავიწყოთ განხორციელება. რაც შეეხება კითხვას, როდის დასრულდება, პასუხი არის შემდეგი, ცხოვრება ვითარდება და განათლების სისტემა მასთან ერთად. რაც შეეხება იმას, როდის დაიწყება, დიდი იმედი მაქვს, რომ ის კომუნიკაცია მასწავლებლებთან, რაც უკვე დაიწყო, არის პირველი ნაბიჯი ამისა და სასწავლო წელი რომ დაიწყება, უკვე შეამჩნევენ სკოლაშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც პირველ ცვლილებებსა და პირველ ძვრებს", - ამბობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.