logo_geo
eng_logo
„ჩემო კუკლუშკი!“ - ილია ჭავჭავაძის წერილი ოლღა გურამიშვილს
- +

11 ივლისი. 2016. 19:39


ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა 1862 წლის აპრილის თვეში, თბილისის სამების ეკლესიაში, ფარულად დაიწერეს ჯვარი. ამ დროს ილია 25 წლის იყო, ოლღა კი - 20-ის.


გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის პირად წერილს, რომელშიც კარგად ჩანს ერთი შეხედვით პირქუში ილიას გრძნობები, მისი სიყვარული, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მას ცოლის მიმართ.


„ჩემო კუკლუშკი!!! უნდა იცოდე, რომ განძრახ შენს წყენას, შენს შეწუხებას, თავს მოვიკლავ და არ მოვინდომებ, იმიტომ, რომ ერთადერთი საგანი ჩემი ცხოვრებისა შენა ხარ. არ მიყვარს ამისთანების თქმა, მაგრამ რა ვქნა, რომ მათქმევინებ ხოლმე. ღმერთს ჩემთვის ალერსის ნიჭი და უნარი არ მოუცია და როცა მეტი გზა არ არის,რომ ალერსიანი სიტყვა უნდა ვუთხრა ვინმეს, მე თითონ ვწითლდები. გაწითლებას კიდევ გავუძლებდი, სულიერად ვიტანჯები ხოლმე. ასე მგონია, რომ გული გავიუპატიურე, როცა წმინდად გულში შენახული გრძნობა პირით გამოვთქვი. ეს მართალი გრძნობაა, რომელიც კატასავით მუდამ არა სჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულა გულში... ამ სახით, ჩემო კარგო ოლიკოჯან, ერთხელ და სამუდამოდ მერწმუნე, რომ თუ მოღრუბლულსა მხედავ, ჩემს უგემურ ხასიათს მიაწერე და არა იმას, რომ შენს ბედნიერებას მე გულგრილად ვექცევი. ბევრჯერ მეტი სიტყვა მომივა ხოლმე, ბევრჯერ გუნება ისე მომეშლება, რომ ლაპარაკის თავი არ მაქვს, ბევრჯერ დაფიქრებული და ხმაგაკმენდილი დავეთრევი, - უფრო ხშირად არც მოცლა მაქვს და არც ხალისი ხმის ამოღებისა და გართობისა, შენ კი ამას სამდურავის მიზეზად ჰხდი და შენდობის მაგიერ, გულს მიკლავ ხოლმე. ესეც იცოდე, ჩემო საყვარელო კუკლუშკი, რომ, როცა მაგისთანები მესმის შენგან, ის დღე ჩემთვის სიკვდილია. ამას არ გეუბნები ხოლმე და ვმალავ და, აბა, სწორედ ეს ართქმა და მალვაა ის დიდი ჭირი, რომელიც კაცს ბოლოს უღებს და ნელ-ნელა სიცოცხლესა სწოვს; რაც შენ ეგ ხასიათი დაიჩემე, მას აქეთ მომწყდა წელი და ვგრძნობ, რომ სულითაც და ხორცითაც დღე და დღე უკან მივდივარ. თუ ჩემი სიცოცხლე გინდა, ძველებურადვე მოიბრუნე გული ჩემკენ და ყურს ნუ ათხოვებ ხოლმე, როცა წარბშეკრული ვზივარ და რაზედმე გულნაწყენი. შენ აქ არაფერ შუაში ხარ და თუ პატარას გაგებუტები ხოლმე, ეგ უნდა მაპატიო და შემინდო, იმიტომ, რომ შენი კარგად და მხიარულად ყოფნა ჩემი კარგად და მხიარულად ყოფნაა... ერთი სიტყვით, შაბათამდე დამაცადე და შაბათს მოვალ და ყურებს ავუწევ ჩემს უმადურ, მაგრამ ყოველთვის ერთგულ და საყვარელ კუკლუშკას, რომ მეორედ ამისთანები აღარ გაბედოს. აბა, დაფიქრდი, ჩემო კარგო და გულადო მეგობარო, ისეთი რა უნდა მაწყენინო,რომ გულში ჩავიდო და იმავ წამსვე წყალს არ მივცე?! შენ ჩემს სახეს ნუ უყურებ, მარტო ჩემს გულში ჩაიხედე და იქ ნახავ, რამოდენა სიყვარული მაქვს ჩემი კარგი ოლიკოსი..."

 

ოლღა ხშირად ეჭვიანობდა თურმე, მუდამ ქმრის გვერდით ყოფნას ცდილობდა. ილიას მეფუტკრე იგონებდა: „ოლღა მუდამ თან ახლდა ილიას, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე. ერთხელ მე და ილია აივანზე ვისხედით, წყაროს მახლობლად, წინ პოლონელმა მსახურმა გაიარა. „მანია! - დაუძახა ილიამ, ერთი ჭიქა წყალი, თუ შეიძლება!" ქალმა მაშინვე მოართვა წყალი. ოლღა მეორე სართულის აივანზე იჯდა და ყველაფერს ხედავდა. საჩქაროდ ჩამოირბინა კიბეები, გაირბინა აივანი, სადაც ჩვენ ვისხედით, მინდორზე დაეცა და მიწას თავს ურტყამდა. მე და ილია მისაშველებლად მივცვივდით, ავაყენეთ, ცივი წყალი დავასხით და გრძნობაზე მოვიყვანეთ. - ოლღა, გონზე მოდი! შენ ისევ შენებურად განაგრძობ, ნუ დაივიწყებ, რომ უკვე 70 წლის ვარ! - უთხრა მას ილიამ.


ოლღამ უსმინა, უსმინა და უთხრა: - დაამთავრე, ილია? ახლა მე მომისმინე: ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მართმევ...


ოლღა ყოველდღე დადიოდა ილიას საფლავზე, სანთლებს უნთებდა და ლოცულობდა. მთაწმინდაზე ბინა იქირავა და იქ დასახლდა, რათა ქმართან ახლოს ყოფილიყო. საფლავზე ხშირად ხედავდნენ შავით მოსილ მოხუც ქალს, რომელიც ხალხს ევედრებოდა: სანთელი დაუნთეთ ილიას, ვითომც ტაძარში აგინთიათო. არავინ იცოდა, რომ ეს ოლღა იყო. მას მაშინაც ვერ ცნობდნენ, ლუკმაპურისთვის ბაზრობაზე დიდი მწერლის წიგნებს რომ ყიდდა. როცა საფლავზე სიარული აღარ შეეძლო, აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში დგებოდა, მთაწმინდას გაჰყურებდა და ჩურჩულებდა: „მოვდივარ, ილი, მოვდივარ!"


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner