„ურბანული პოლიტიკა ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, როდესაც წლების განმავლობაში სკვერებისა და პარკების ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს ვხედავდით და ძირითადად ეს იყო საცხოვრებელი კორპუსები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ასევე ხდებოდა სტადიონების ადგილზე. ეს მიდგომა და დამოკიდებულება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო და თბილისელებისთვის ჩემი საარჩევნო დაპირება 2017 წელს, როდესაც კამპანიაში ვიყავი ჩართული, ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება.
პირობა დავდე, რომ არც ერთი სამშენებლო სამუშაო არ განხორციელდებოდა სკვერების, რეკრეაციული სივრცეებისა და სტადიონების ხარჯზე. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ, პირველი რაც მოვაწესრიგეთ, ეს ქაოტური განაშენიანება იყო, რაც ქალაქში ხდებოდა და რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, შევაჩერეთ.
მივიღეთ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება ქალაქის განვითარება. მინდა, მადლობა გადავუხადო გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს“, - განაცხადა კახა კალაძემ.