სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების დირექტორებს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ვაქცინაციის მიმდინარეობაზე და განხორციელების ეტაპებზე ისაუბრეს.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს გაწეული სამუშაოსთვის, ამ რთული ერთი წლის განმავლობაში თქვენ დაუღალავად, ხშირად 24-საათიან რეჟიმში მუშაობდით სხვების სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა ამ მუშაობისთვის და თავგანწირვისთვის. ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავედით და ეს არის ვაქცინაცია, რითაც ვირუსთან ბრძოლა უნდა დასრულდეს. ამ რთულ პერიოდს და პანდემიას მხოლოდ ვაქცინაციით დავამარცხებთ და დარწმუნებული, ვარ რომ ეს პროცესი წარმატებით ჩაივლის“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 3100 დოზა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში გასულ კვირას გადანაწილდა და სამედიცინო სფეროში დასაქმებული მოქალაქეების ვაქცინაცია მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით ყველა ამცრელი კაბინეტის მედ პერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები.
სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ.).
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.