გოგი წულაიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ადვოკატი ვალერი გელბახიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდა. მისი განმარტებით, გოგი წულაიას ბრალი სსკ-ის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ, რომელსაც მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა ა.დ.-სთან, სთხოვა მას თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაჰყოლოდა და მოლაპარაკებაში დახმარებოდა. ა.დ. შეთავაზებას დათანხმდა და იმავე დღეს, გ.წ.-სთან და ლ.ჟ.-სთან ერთად თბილისში ჩამოვიდა, სადაც ლ.ჟ.-მ გ.წ.-ს თხოვნით ბინა უქირავა მას, გასაღები გადასცა და თვითონ წავიდა.
აღნიშნულის შემდეგ გ.წ.-მ, იმ მიზეზით, რომ შეხვედრა მომდევნო დღის დილის საათებში ჰქონდა დაგეგმილი და ვინაიდან ახლოვდებოდა ე.წ. „კომენდანტის საათი“, ა.დ.-ს შესთავაზა ღამით მის მიერ ნაქირავებ ბინაში დარჩენილიყო. რადგან ა.დ.-სთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში ლ.ჟ.-ც უნდა დარჩენილიყო, გ.წ.-ს შეთავაზებას დათანხმდა. ნაქირავებ ბინაში გ.წ.-მ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გ.წ.-მ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
მას შემდეგ, რაც ა.დ.-მ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, გ.წ.-მ მასზე ძალადობა შეწყვიტა. გ.წ.-ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ა.დ.-მ სხეულის სხვადასხვა არეში – ორივე ხელის, კისრის და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.
დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა გ. წ. შემთხვევიდან მალევე დააკავეს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.