„ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რომ არა დასავლეთი, ქვეყანა შეიძლება ერეკლე მეორის დილემის წინაშე აღმოჩნდეს.
„რომ არა დასავლეთი, ერეკლე მეორის დილემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო ერთ წამში. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან.
როგორც კი დასავლური ღირებულებები არ მოდის თანხვედრაში მათ პოზიციასთან, უშვერი ლანძღვა-გინებით ამკობენ მთელ დასავლეთს.
დასავლური ღირებულებები მანამდეა ძვირფასი მათთვის, ვიდრე მათ უმეცრებას შეუძლია მათი აღქმა. როგორც კი არ ესადაგება მათ ფრაზეოლოგიას და სურვილებს, იმ წუთში მტრის ხატი იქმნება დასავლეთისგან, ჩვენს თვალწინ შექმნეს უკვე მტრის ხატი, რეალობა სხვა რამეა“ - განაცხადა დავით მაღრაძემ.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა.
„ერთადერთი მხარე არსებობს - ჩემო სამშობლო მხარეო, იმ მხარემ უნდა თქვას სიტყვა. ეს არის პოლიტიკური ძიძგილაობა, კინკლაობა რომელიღაცა 0,3 პროცენტით აღჭურვილი პოლიტიკური პარტიების და ეს პარტიებიც პირობითია, თავმჯდომარეც თვითონ არის, წევრიც, დამსწრეც, ტაშის დამკვრელიც და ორატორიც“ - განაცხადა დავით მაღრაძემ.