logo_geo
eng_logo
პარიზში დღეიდან ერთთვიანი „ლოქდაუნი“ ამოქმედდება
- +

19 მარტი. 2021. 11:30

 

პარიზსა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 16 დეპარტამენტში დღეიდან „ლოქდაუნი“ ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღო. პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის თქმით, ახალი შემთხვევების დაახლოებით 75%-ი ე.წ. „ბრიტანულ შტამზე“ მოდის.

 

„ეპიდემია მწვავდება. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ არ დავკარგოთ მასზე კონტროლი“, - აღნიშნა კასტექსმა.

 

მისივე თქმით, ოთხი კვირა არის დრო, რაც საჭიროა იმისთვის რომ მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღოს.

 

შეზღუდვების ფარგლებში იხურება სილამაზის სალონები, ტანსაცმლისა და ავეჯის მაღაზიები. სკოლები ღია რჩება და მოქალაქეებს გარეთ ვარჯიშის უფლება ექნებათ, თუმცა თავიანთი სახლებიდან 10 კილომეტრის რადიუსში.

 

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 35 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საავადმყოფოებში რეანიმაციული განყოფილებები დატვირთვით მუშაობენ, განსაკუთრებით პარიზში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 400-ს შეადგენს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner