logo_geo
eng_logo
სტრასბურგის სასამართლომ 2005-2008 წლებში მომხდარ ფაქტებზე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევა დაადგინა
- +

19 მარტი. 2021. 14:01

 

 

„2021 წლის 18 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) პირველი პუნქტის დარღვევა დაადგინა“, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

საქმე ეხება 2005-2008 წლებში მომხდარ ფაქტებზე მომჩივან ერმილე თორთლაძის დავას ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა); ასევე, მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვა) და მე-8 მუხლების საფუძველზე მომჩივნის პრეტენზიებს საკონსულოს შენობაში უკანონო და დაუსაბუთებელ ჩხრეკასა და ეროვნული სასამართლოების მიერ ამ ჩხრეკის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობასთან დაკავშირებით.

 

2005 წლის 24 აგვისტოს პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო ფლობის გამო დააკავა ა.ი. – კოტ დივუარის საკონსულოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელმაც დაკითხვისას მომჩივანი (კოტ დივუარის იმჟამინდელი საპატიო კონსული საქართველოში) დაასახელა, როგორც ნარკორეალიზატორი, და დაადასტურა, რომ იმავე დღეს საკონსულოს შენობაში მისგან შეიძინა თორმეტ-ნახევარი აბი სუბუტექსი.

 

2005 წლის 25 აგვისტოს პოლიციამ საკონსულოში ჩაატარა ჩხრეკა. ოქმის თანახმად, მომჩივნის სეიფიდან და მაგიდიდან ამოიღეს 227 აბი სუბუტექსი, შვიდი ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი და იარაღის რამდენიმე ვაზნა. იმავე დღეს პოლიციამ გაჩხრიკა მომჩივნის მანქანა და ბინა. შედეგად, ბინიდან ამოიღეს იარაღი და რამდენიმე ვაზნა. მომჩივანი იმავე დღეს დააკავეს საკონსულოს შენობაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად ცნო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. 2005 წლის 27 აგვისტოს მომჩივანს ბრალი წარედგინა ნარკოტიკებსა და იარაღთან დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულის გამო.

 

2006 წლის 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი გაასამართლა და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2007 წლის 19 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეამცირა მომჩივნის სასჯელი ჩვიდმეტ წლამდე. 2008 წლის 18 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ უარყო მომჩივნის საკასაციო საჩივარი.

 

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ეროვნული სასამართლოების დასკვნები საკონსულო იმუნიტეტის შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპების თაობაზე იყო დასაბუთებული და გონივრული.

 

სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოს ბრძანების არარსებობა განსაკუთრებით პრობლემური საკითხი იყო.

 

„საგულისხმოა, რომ შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ჩხრეკის წინა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერკვიათ საკონსულოს შენობის სტატუსის შესახებ. გაურკვეველი მიზეზებით, მათ ამავე პერიოდში არ მოუპოვებიათ სასამართლოს ბრძანება ჩხრეკის ჩასატარებლად. ევროპული სასამართლოს თანახმად, მთავრობამ ვერ უზრუნველყო გადაუდებელი პროცედურების გამოყენების გამართლება,“ - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს რელიზში.

 

ევროპული სასამართლოს თანახმად, ჩხრეკის თაობაზე სასამართლოს წინასწარი ბრძანების არარსებობა შეიძლება დაბალანსდეს „პოსტ ფაქტუმ“ სასამართლოს მიერ. ეროვნული სასამართლოს მიერ საგულდაგულოდ არ შეფასებულა გადაუდებელ შემთხვევებში ჩხრეკის აუცილებლობის საკითხი.

 

„ეროვნულმა სასამართლომ არც ის შეისწავლა, იყო თუ არა ეს ზომა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ და პროპორციული, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვდა ამგვარ შეფასებას. ამდენად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საკონსულო შენობის ამგვარი ჩხრეკა არ განხორციელებულა შესაბამისი და საკმარისი დაცვის უზრუნველყოფის პირობებში. შედეგად, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლის I პუნქტი და მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 2000 ევროს გადახდა დააკისრა,“ - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

 

რაც შეეხება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამოღებული ნივთიერება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ემყარებოდა მომჩივნის განაჩენი.

 

„ეროვნული სასამართლოები დაეყრდნენ ა.ი.-ს მიერ მოყვანილ ინკრიმინირებულ მტკიცებულებებს, აგრეთვე, მომჩივნის მსჯავრდებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ შესწავლილი სხვა მტკიცებულებები; კერძოდ, ჩხრეკის ვიდეოჩანაწერი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება და პოლიციის თანამშრომლების განცხადებები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართალწარმოებაში კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენებას მომჩივნის მიმართ მთლიანობაში საქმის სამართლიანი განხილვის უფლება არ დაურღვევია. ამასთან, მომჩივნის საჩივრის დაუშვებლად ცნობა საკასაციო სასამართლოს მიერ არ შეიძლება შეფასდეს როგორც სასამართლოზე წვდომის უფლების დაუსაბუთებელი და არაპროპორციული შეზღუდვა“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლი. რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლს, ევროპულმა სასამართლომ საჩივრის მოცემული ნაწილი მიუღებლად გამოაცხადა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner