აბაშის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელთან ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მოადგილესთან დავით ვერავასთან და აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ. შენობა აღიჭურვება კომპიუტერული სისტემებით, შემეცნებითი და კვების ობიექტებით. ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს და შესთავაზებს ტურისტულ სერვისებს. ვიზიტორებისთვის ასე მოეწყობა ავტოსადგომი.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
სახელმწიფო რწმუნებულმა, მოადგილესთან და მერთან ერთად, ასევე დაათვალიერა სოფელ ძველ აბაშაში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
პროექტი ითვალისწინებს ახალი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუზეუმო კომპლექსის შექმნას. მოხდება კონსტანტინე გამსახურდიას სახლის რეკონსტრუქცია, აღდგება XIX საუკუნის ეთნოგრაფიული გარემო. საზოგადოებრივ-კულტურული აქტივობების ზონაში კი ღია ცის ქვეშ არსებულ სცენას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.