მეგი ბაქრაძე, რომელიც თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა, საცხოვრებელ სახლში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ. 27 წლის ქალი ადიგენის სოფელ ენთელში ცხოვრობდა. კლინიკა „იმედის“ მედდას ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
„თავიდან სანიტარი იყო, შემდეგ ოპერატორის მოვალეობას ასრულებდა. ჩვენ კოვიდ კლინიკა ვართ და ცხვირ-ხახის ნაცხის აღებაში ეხმარებოდა ლაბორანტებს. მოწადინებული იყო, რომ აცრილიყო. სამაგალითო თანამშრომელი იყო, დაკისრებულ მოვალეობას მშვიდად ასრულებდა, წყნარი ადამიანი იყო. კოვიდი გადატანილი არ ჰქონდა. მომხდარის შემდეგ იყო საუბრები, ხომ არ ჰქონდა ვირუსი. ჩვენ 7-14 დღეში ერთხელ ვიტესტებით, ამიტომ გამორიცხულია, რომ კოვიდი ჰქონდა და ჩვენ არ ვიცოდით“, – გვიყვება კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე.