კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ახალ ფილმზე იწყებს მუშაობას, თუმცა მანამდე ხელოვანი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება, რომელმაც ახალი კინოსურათი ფინანსურად უნდა უზრუნველყოს. რეჟისორის თქმით, ახალი ფილმი ჟანრობრივად სატირული კომედია იქნება, რომელიც, ქვეყანაში არსებულ სიდუხჭირესთან ერთად, მასობრივ კულტურაზე ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებას ასახავს.
რეჟისორმა "მთელ კვირასთან" საუბრისას ყურადღება მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც გაამახვილა. განაცხადა, რომ იგი კვლავ რჩება "ქართული ოცნების" აქტიურ მხარდამჭერად და შესაბამისად, მის გასარჯვებაში ეჭვი არ ეპარება.
"მთელი კვირა" კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას სამომავლო გეგმებზე და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა.
"მთელი კვირა": ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ახალ ფილმზე იწყებთ მუშაობას. მოგვიყევით, როგორ დაიბადა ახალი სურათის შექნის იდეა?
გიორგი შენგელაია: მოგეხსენებათ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები მქონდა, ამიტომ ფილმების გადაღება დამჯდარ მდგომარეობაში მიწევდა. ასე გადავიღე "ექვთიმე", "ილია" და "ხაჯი მურატი", რომლებიც საზოგადოებამ უკვე იხილა. საბედნიეროდ, ახლა ძალიან კარგი ექიმების ჯგუფს მივაგენი, რომლებმაც მიმკურნალეს და მომცეს საშუალება, გადაღების მოედანს ჩვეულ რეჟიმში, ძველებურად დავუბრუნდე. ახალი ფილმი მოკლემეტრაჟიანი, 26-წუთიანი იქნება, რომლის სცენარის ავტორებიც თამაზ აქუბარდია და მე გახლავართ.
ფაბულა თამაზ აქუბარდიას მიერ თქვენს გამოცემაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი რეპორტაჟიდან ავიღე და იმედია, რომ მის სისრულეში მოყვანას შევძლებთ. ფილმის სცენარი უკვე წარდგენილია კინოცენტრში და ამჟამად ვუცდით შესაბამისი კომისიის დასკვნას დაფინანსების თაობაზე.
"მ.კ": რაც შეეხება ფილმის შინაარსობრივ ნაწილსა და ჟანრს, რაზე იქნება თქვენი ახალი ფილმი, როგორია თქვენი რეჟისორული ხედვა?
გ.შ: მოგახსენებთ ჩემს რეჟისორულ ხედვას: ჩვენ ღარიბ-გაჭირვებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. არ შეიძლება მხატვარმა ამას არ თანაუგრძნოს და ამ საკითხზე მხატვრული ნაწარმოები არ შექმნას. ჩვენს ხალხს საკვები აკლია, ვერ იხდიან თავიანთი ბავშვების სწავლის საფასურს, თითქმის ყველა მოქალაქეს ბანკში კრედიტი აქვს აღებული, რომელსაც ვერ ფარავენ.
როდესაც დიდ ჩინელ ფილოსოფოსს, კონფუცის მოწაფეები ეკითხებოდნენ, რომელი მმართველობაა უფრო კარგი - როდესაც იმპერატორი მარტო მართავს თუ მრჩევლების მეშვეობითო, ის ყველა შეკითხვაზე ერთნაირად პასუხობდა: "ღარიბი ქვეყანა ცუდი ქვეყანააო."
მე, საქართველოს მოქალაქეს, არ შემიძლია ამ ყველაფერზე არ ვილაპარაკო. ნათქვამია: არა მარტო პურით ცხონდეს კაციო. ამ სიღარიბეს და გაჭირვებას მასობრივი კულტურის მოზღვავება ემატება. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა თავისი წარსული, დიდი ლიტერატურა და მხატვრობა დაივიწყონ.
კაცობრიობა უამრავ დროს უთმობს ტელეფონის, კომპიუტერის, ტელევიზორის და სხვა უამრავი ელექტრონული საშუალების მეშვეობით ურთიერთობას, აღარ გვიწევს გინდაც ბიბლიოთეკაში ან წიგნის მაღაზიაში წასვლა. სოციალური ქსელები კი უქმნის ადამიანს სხვა ადამიანთან ურთიერთობის ილუზიას, მაგრამ ის ნამდვილ ადამიანთან ერთი-ერთზე ყოფნასა და მასთან ურთიერთობას ვერასოდეს ჩაანაცვლებს. ცოცხალ ადამიანთან ურთიერთობის დროს ჩნდება გრძნობა, ვიღებთ უამრავ ინფორმაციას მისი თვალებიდან და ქცევიდან, რასაც კომპიუტერის მონიტორიდან ვერასოდეს მიიღებ.
საქართველოში ეს ვითომ ახალი ტექნიკაც ხომ მოშლილია. ჩვენ ფილმში ამას გავაზვიადებთ. დავუშვათ, აიღეთ ეს ავტომატები, გადასახდელი თუ საკასო, გინდაც უაზრო მეტრომანები. ჩვენ, ქართველები, ამ თანამედროვე ტექნიკაში ხელოვნურად ვართ შეგდებული, განვითარებულ ქვეყნებს ბრმად ვბაძავთ. ჩვენი ფილმი ჟანრობრივად სატირული კომედიაა.
მოლიერი წერდა: "ადვილად მოსათმენია გაკიცხვა, მაგრამ დაცინვა ძნელად გადასატანია. ზოგი თანახმაა, რომ ბოროტი კაცის სახელიც კი ატაროს, მაგრამ არავის არ უნდა, იყოს სასაცილო." ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობაა. სამწუხაროდ, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
ჩვენი ფილმის ბოლოს, როგორც პოზიტიურს, ვუბრუნდებით პირველყოფილ ბუნებას, რომელშიც, ვფიქრობთ, რომ ქართველებმა უნდა იცხოვრონ. ნუ გავეკიდებით მასობრივ კულტურას, ამ უაზრო სიახლეებს. მოვიჭიროთ ქამრები, ვიკითხოთ მეტი წიგნი. ნუ დავეშურებით კომფორტს, ავირჩიოთ მშვიდი ცხოვრება. დავბრუნდეთ ბუნებაში, ეს ჩვენთვის მისაღები ცხოვრებაა - სწორედ ესაა ახალი ფილმის მთავარი არსი.
"მ.კ": ვიცი, რომ ახალ ფილმზე მუშაობას ახალგაზრდა თანაშემწეებთან ერთად აპირებთ. ორიოდე სიტყვით მათზეც მოგვიყევით. ახალგაზრდა მსახიობებს თუ შეარჩევთ, როგორია თქვენი მოლოდინი?
გ.შ: როცა 10 წელია გადასაღებ მოედანზე არაფერი გაგიკეთებია, ჩემთვის ახლა ამის დაწყება ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძნელია, ამიტომ ახალგაზრდების ჩემ გვერდით ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა გარდა ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმისა, მაქვს ძალიან სერიოზული სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი. ამ ფილმის დასრულების შემდგომ, მსურს, სრულმეტრაჟიანზე დავიწყო მუშაობა.
ჩემთან ერთად ორი ახალგაზრდა რეჟისორი იმუშავებს, მათგან ერთ-ერთი ჩემი ვაჟი გიორგია, ხოლო მეორე ახალგაზრდა რეჟისორი დათი ჯაფარიძე, რომელმაც განათლება ჩეხეთში მიიღო.
ახალგაზრდა რეჟისორები, ერთი მხრივ, დამეხმარებიან და, მეორე მხრივ, ჩემგან ისწავლიან. გადაღებები თბილისში იქნება და მასში მონაწილეობას, ახალგაზრდებთან ერთად, ძველი მსახიობებიც მიიღებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ფილმის მთავარი თემატიკა ახლა ძალიან აქტუალურია, მაყურებლის ინტერესის მოლოდინი ძალიან კარგი მაქვს.
"მ.კ": პოლიტიკურ საკითხებზეც რომ გადავიდეთ. თქვენ "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყავით, თუმცა იმასაც ამბობდით, რომ გარკვეული შეცდომები დაუშვეს. ახლა, როცა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ არენაზე ახალი პარტიები გამოჩნდნენ, ხომ არ შეცვლილა თქვენი განწყობა?
გ.შ: ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" არჩევნებში გაიმარჯვებს. შეიძლება უმრავლესობა ვერ მოიპოვოს, მაგრამ გამარჯვებით კი ნამდვილად "ოცნება" გაიმარჯვებს.
ახლა საქმეს სახალხო არტისტი და ცნობილი ბანი, პაატა ბურჭულაძე აფუჭებს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რამდენად ცუდ საქმეს აკეთებს, ეტყობა, ძალიან პატივმოყვარეა და ვხვდები, საითაც მიდის.
მან შესაძლოა გარკვეული ხმები "ოცნებას" წაართვას. ჩვენი ამომრჩევლის დონეც ბევრ რამეზე მეტყველებს - სად გაგონილა, რომელ ქვეყანაში უნახავთ პოლიტიკაში მომღერალი, რეჟისორი, მსახიობი, სპორტსმენი, მწერალი? - ეს იქ აბსოლუტური ნონსენსია.
სირცხვილია, მუშაობდე ისეთ ადგილას, რომლის სპეციფიკა არ იცი. პარლამენტში მეწარმეები, პოლიტოლოგები, იურისტები, ფინანსისტები უნდა მუშაობდნენ და არა მსახიობები. "ოცნებასაც" ვურჩევ, ახალი საარჩევნო სიები მსახიობებითა და მომღერლებით არ დააკომპლექტოს. ამ საქმეში მხოლოდ პროფესიონალები უნდა იყვნენ. ახლანდელი "ოცნების" შემადგენლობაშიც ხომ არის ასეთები ხალხი? - იგივე კვირიკაშვილი, სერგეენკო, სესიაშვილი, ვოლსკი და სხვები.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, არ მგონია, რომ მათ დიდი შანსი აქვთ. იგივე "ნაციონალებს" სტაბილური 12% სულ აქვთ და მეტი არც მოემატებათ. მათი ამომრჩეველი ის ხალხია, ვინც სააკაშვილის დროს მოპარული ფულით ცხოვრების შესაძლებლობა დაკარგა. ხალხი "ოცნებას" უკიჟინებს - აი, დაპირებები არ შეასრულეო. გაიხედონ, წაიკითხონ პრესა, ნახონ, რა ხდება მეზობელ ქვეყნებში, ყველგან კრიზისია. რა თქმა უნდა, გარკვეული შეცდომები "ოცნებამაც" დაუშვა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც წინა ხელისუფლებამ. ასე რომ, მე კვლავ ვრჩები "ოცნების" აქტიურ მხარდამჭერად.
"მ.კ": საბოლოოდ მაინც ვის მიიჩნევთ მმართველი ძალის მთავარ კონკურენტად?
გ.შ: საბოლოოდ მაინც მგონია, რომ მთავარი ბრძოლა "ოცნებას" "ნაციონალებთან" ექნება, რადგან "ნაციონალები" თავის ძირითად იმედს "რუსთავი 2"-ის გადაცემებზე აგებს, რაც ბოლო ხანებში რეალობას სულ უფრო და უფრო სცილდება. გარდა ამისა, აქ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო, კერძოდ კი, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც მხარს "რუსთავი 2"-ს უჭერენ და სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ.
ჰეგელი ამბობდა: "თავისუფლება, ესაა გააზრებული აუცილებლობა." ეს ჩვენი არასამთავრობოები დაჰიპნოზებულები არიან ამ ე.წ. სიტყვის თავისუფლებით. ახლა "რუსთავი 2"-ის გარშემო გადამწყვეტი ბრძოლა მიდის, ერთი მხრივ, ვითომ ე.წ. ლიბერალური ძალები იბრძვიან და, მეორე მხრივ, კანონი.
"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ორი ინსტანციის სასამართლო რომ ჩატარდა, ეს "ოცნების" სიძლიერეზე მეტყველებს. ამერიკელები სიტყვის თავისუფლებაზე ზედმეტად მიგვითითებენ, მაგრამ საქმე კანონით მიდის და ეს ასეც უნდა იყოს. აქ "რუსთავი 2"-ის ტელევიზიის ჟურნალისტებზე კი არ არის საუბარი, არამედ თავად სააკაშვილზეა, რომელმაც ორ ინტელიგენტ ბიჭს - ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს ტელევიზია წაართვა.
სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს და დამნაშავეები დაისაჯონ. ან ნიკა გვარამიას რა ალაპარაკებს, ხომ არ დაავიწყდა, რურუებთან ერთად "იმედი" რომ დაარბია? მას არ აქვს მორალური უფლება, დღეს სიტყვის თავისუფლებაზე ჩვენს ხალხს ელაპარაკოს. ძალიან მიხარია, რომ ახლა "იმედის" საქმის გამოძიება აქტიურად გააგრძელეს და, იმედია, გვარამიას, რურუებისა და მაგისთანების "იმედში" ქცევაზე სამართალი მალე დადგება.