„ევროკავშირმა, შესაძლოა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ექსპორტი შეაჩეროს, თუ ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებულ ვალდებულებას არ შეასრულებს“, - შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავკრძალოთ დაგეგმილი ექსპორტი. ეს არის გზავნილი „ასტრაზენეკასთვის“: სხვა ქვეყნებისთვის მიწოდების დაწყებამდე, თქვენ ასრულებთ ევროპასთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებს", - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, კომპანიამ 2021 წლის პირველ კვარტალში დაპირებული დოზების მხოლოდ 30%-ის მიწოდება განახორციელა.
„ბრიტანელებისგან არაფერი მიგვიღია, მაშინ, როცა ჩვენ მათ ვაქცინებს ვაწვდით,“- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირიდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში ვაქცინის მინიმუმ 41 მილიონი დოზაა ექსპორტირებული, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკში ვაქცინების მარაგების დეფიციტია.
„არ შემიძლია, ევროპის მოქალაქეებს ავუხსნა, რატომ ვახორციელებთ ვაქცინების მილიონობით დოზის ექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც თავად აწარმოებენ ვაქცინებს და რომელთაგანაც უკან არაფერს ვიღებთ,“- განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.