„საერთაშორისო თანამეგობრობაში სრული კონსენსუსია იმაზე, რომ არჩევნები შედგა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ 2020 წელს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი, სადაც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება.
ეს იყო ძალიან მკაფიო შეფასება. ჩვენ ასევე ვნახეთ მოწოდება უმაღლესი თანამდებობის პირების, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს მხრიდან. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ არჩევნები შედგა და მისი ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
ამას ცალსახად ადასტურებს ეუთო/ოდირის დასკვნა, ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები, უამრავი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, მათ შორის IRI-ის განცხადება და ამაზე სრული კონსენსუსი არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობაში“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.