„ხომ არ შეიძლება მუდმივად არჩევნებში ვიყოთ ჩართული, ვიდრე მათთვის სასურველი შედეგი არ დადგება?! სასაცილოა, მიუღებელია, არადემოკრატიულია“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთეტშო განაცხადა.
„ყველა საკითხი, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდაზეა, ცალკე, პარლამენტის მიღმა ვერ განიხილება. ეს არა ქუჩაში, არამედ, მხოლოდ პარლამენტში წყდება. ის, რაც მათ სურთ - საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ვერ განხორციელდება, თუ ისინი პარლამენტში არ შევიდნენ და ხმა არ მისცეს ამ კანონს.
წლების განმავლობაში სანატრელი მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც 2012 წელს დავიწყეთ, 4 ტალღის ფარგლებში განხორციელდა და ჩვენ კიდევ ამ პროცესში ვართ, რადგან დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება დროს მოითხოვს, მით უმეტეს, იმ უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, რომელიც, 2012 წელს, ამ ხელისუფლებამ მიიღო.
ამ წლებში განხორციელებული რეფორმა თვალსაჩინოა, მაგალითად, იგივე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიმართვიანობის შემცირება.
ბრიუსელში ვიზიტის დროს, ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენი მზაობა, რომ გაგრძელდეს ეს რეფორმები და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს, ეს ვერ განხორციელდება, თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ.
ამიტომ, აბსოლუტურად გაკვირვებულები არიან ჩვენი პარტნიორები, როდესაც შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ. უკვირთ ჩვენი ოპონენტების ასეთი დამოკიდებულება.
ხომ არ შეიძლება მუდმივად არჩევნებში ვიყოთ ჩართული, ვიდრე მათთვის სასურველი შედეგი არ დადგება?! სასაცილოა, მიუღებელია, არადემოკრატიულია. ეს არ არის იმ ქვეყნის პრაქტიკა, რომელიც ნატოს და ევროკავშირის წევრობისთვის იბრძვის“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.