2016-2018 წლის არჩევნების მხარდასაჭერად ევროპის საბჭო ახალ პროგრამას ახორციელებს. ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო პროგრამა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლის სამოქმედო გეგმის ნაწილია და ის მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის აღმასრულებელი, ფუნქციონალური და მენეჯერული შესაძლებლობების გაძლიერებას.
ამ პროგრამის ფარგლებში ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან პირველად მიიღებს მიზნობრივ გრანტს 40 000 ევროს ოდენობით, რომელიც ცესკო-ს პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლის" განხორციელებას მოხმარდება.
პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გახსნეს.
საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გარდა, ევროსაბჭოს პროგრამა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობას და არჩევნების პროფესიული დაკვირვების კუთხით ადგილობრივი დამკვირვებლების მომზადებასაც ითვალისწინებს. ასევე პრიორიტეტებს შორისაა პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ზრდა, ცნობიერების გაზრდა ეროვნულ უმცირესობებსა და ახალგაზრდებში, აგრეთვე მედიის პლურალიზმის ხელშეწყობა არჩევნების პროფესიულად გაშუქების მიზნით რეგიონული მედიისთვის დახმარების გაწევის საშუალებით.