განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ბილიკის რეაბილიტაცია უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 12 კვირაში დასრულდა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნულ პროექტს სიმბოლური, წარმატებული და გამორჩეული უწოდა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომლის უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სანავიგაციო სისტემების განახლებაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 200-მდე ადამიანი. სამუშაოებზე მობილიზებული იყო 60-ზე მეტი ერთეული ტექნიკა, რისთვისაც კომპანია „ბლექ სი გრუპმა" 7 200 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ბილიკის რეაბილიტაციის პროცესში დაიგო 135.000 ტონა ასფალტი და მისი მშენებლობისთვის გამოყენებულ იქნა ზუსტად ის ტექნოლოგია, რომლითაც აბუ-დაბის „ფორმულა 1"-ის სარბოლო მოედნის მშენებლობა განხორციელდა.
„ნამდვილად საამაყოა ის ფაქტი, რომ ასეთი შეზღუდული ვადების, უდიდესი მოცულობის და დაძაბულობის ფონზე პროექტის ყველა მონაწილემ შეძლო საერთო საქმისთვის გაერთიანება. სწორედ ამ წარმოუდგენელი და უპრეცენდენტო პროექტის შედეგად, ჩვენ გვაქვს სრულად განახლებული ასაფრენი ზოლი და ახალი II კატეგორიის სანავიგაციო შუქტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას და კომფორტს ავიაკომპანიებისა და მგზავრებისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „თბილისის აეროპორტის რეაბილიტაციის და განახლების პროცესი გრძელდება. კეთდება საჰაერო ხომალდების ახალი სადგომები. დაწყებულია ახალი ჩამოფრენის ტერმინალის მშენებლობა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მომზადებული შეხვდეს ახალ გამოწვევებს და ამავე დროს მზად იყოს მგზავრთნაკადის ყოველწლიური ზრდისთვის. 2015 წელს ჩვენ გვქონდა საერთაშორისო ვიზიტორების და ასევე მგზავრთნაკადის უპრეცენდენტო ზრდა და პროგნოზის მიხედვით, ზრდის ტენდენციები მომავალშიც შენარჩუნდება".
პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო ის ფაქტი, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში აეროპორტში არ შეფერხებულა ავიარეისები. ყოველდღიურად ასაფრენი ზოლი იკეტებოდა 10 საათის განმავლობაში, იხსნებოდა 20:00 საათზე და საჰაერო ხომალდების მომსახურება დადგენილი გრაფიკის შესაბამისად განხორციელდა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტში ჩართული კომპანიების კოორდინაციაზე. მისი შეფასებით, ეს იყო ნამდვილად უპრეცენდენტო პროექტი და მისი წარმატება შესაძლებელი გახდა მასში მონაწილე ყველა მხარის სინქრონული და ეფექტური თანამშრომლობით. დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ყველა ორგანიზაციასა და კომპანიას (საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ტავ ჯორჯია, საქაერონავიგაცია, ტავ ქონსტრაქშენი, ბლექ სი გრუპი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, IATA Consulting, ADPI, ვირდგენის ჯგუფი და სხვ.) და მათ წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს სრულად განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ასევე აღჭურვილია მეორე კატეგორიის სანავიგაციო შუქ-ტექნიკით. უმაღლესი კატეგორიის შუქ-სასიგნალო სისტემის უზრუნველყოფა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციამ" იტალიელ, უკრაინელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად განახორციელა, რისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
განათების ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს საქართველოში და საჰაერო ხომალდებს, ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოპირობებისა და მხედველობის დროს, აფრენა-დაფრენას საგრძნობლად გაუადვილებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს" შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა. პროექტი ფრანგულმა საინჟინრო კომპანიამ ADPI მოამზადა. მშენებლობის პროცესს ზედამხედველობა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკურმა კონსულტანტმა გაუწია.
პრეზენტაციას ასევე საქართველოს მთავრობის წევრები, თბილისის მერი, ტუროპერატორებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.