თუ გვსურს, შევინარჩუნოთ ინფიცირების დაბალი რიცხვი, დაიკლოს გარდაცვლილთა რიცხვმა და შესაძლოა, ნულზე დავიდეს, ფართომასშტაბიან ვაქცინაციას უნდა მივმართოთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, ადამიანებმა მოინდომონ, პირველ რიგში ექიმებმა, რომ დაძლიონ სკეპტიციზმი და ჩატარდეს მაქსიმალური ვაქცინაცია ისე, რომ წლის ბოლომდე აცრილი იყოს მოსახლეობის 60-65%.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, „ფაიზერის“ 30 ათასი დოზა საქართველოში 26 მარტისთვის უნდა ჩამოიტანონ.
„ფაიზერზე“ რამდენადაც ვიცი, 26 მარტს უნდა ჩამოვიდეს 30 ათასი დოზა. ჩვენ მოვახერხეთ ეს პერიოდი სტაბილიზაცია. ბოლო ორი თვის მანძილზე არის სტაბილურად დაბალი მაჩვენებლები. ამის შენარჩუნება შესაძლებელია, ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა ვაქცინა და ახლახანს დავიწყეთ ვაქცინაცია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავარიდოთ ტემპი და რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია. ამისი ყველა პირობა არის, გვაქვს 40 ათასზე მეტი დოზა, 26-ში შემოდის კიდევ 30 ათასი დოზა და დაგეგმილია უწყვეტი მოწოდება ვაქცინის. მთავარია, ადამიანებმა მოინდომონ, პირველ რიგში ექიმებმა, დაძლიონ ის სკეპტიციზმი და ხელი შეგვიწყონ, რომ ჩავატაროთ მაქსიმალური ვაქცინაცია ისე, რომ წლის ბოლომდე აცრილი იყოს მოსახლეობის 60-65%.
დღეს საქართველო დგას გზაჯვარედინზე, პირდაპირ ვთქვათ, გვაქვს ორი შესაძლო სცენარი და ორი პერსპექტივა. პირველი, რომ დავძლევთ იმ სკეპტიციზმს და უნდობლობას, რომელიც ვაქცინის მიმართ ისედაც იყო საქართველოში და ამ ერთმა უბედურმა შემთხვევამ, რომელიც სრულიად შემთხვევითი იყო, გააძლიერა ეს ნეგატიური ტენდენციები ვაქცინის მიმართ. ბოლო ორ დღეში შემცირდა ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი. უნდა დაძლიონ ეს სკეპტიციზმი და უნდა ჩაერთონ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიაში.
დღეში ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 3-4 ათასი ადამიანის აცრა მაშინ, როცა ვცრიდით 400-500 ადამიანს ხოლო იმ შემთხვევის შემდეგ, ასი ადამიანი ძლივს აიცრა. ფართომასშტაბიან ვაქცინაციას უნდა მივმართოთ. ასეთ შემთხვევაში, შევინარჩუნებთ ინფიცირების დაბალ რიცხვს, დაიკლებს გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, ნულზე დავიდეს. ამას ავტომატურად მოჰყვება ყველანაირი შეზღუდვის გაუქმება. ახალი შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ ან უკვე შემოიღო ახალი ლოკდაუნი, ან აპირებს შემოღებას. თუ არ გვინდა ეს იყოს, მაშინ დავიწყოთ ფართო ვაქცინაცია. ეს საშუალებას მოგვცემს გავხსნათ ეკონომიკა და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და აღარ განმეორდეს ის მტკივნეული პროცესები, რომელიც ყველამ გადავიტანეთ“,- აღნიშნა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, თუ ვაქცინაციაზე უარს იტყვიან მოქალაქეები, გარდაუვალი იქნება შემთხვევების მატება, გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდა. ასევე, ცერცვაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს სრული ლოკდაუნიც.
„მეორე სცენარით თუ წავალთ, თუ გავჯიუტდებით და უარს ვიტყვით ვაქცინაზე, მივეცემით სკეპტიციზმს, არ გვექნება ნდობა ვაქცინაციის მიმართ და არ ჩავებმებით კამპანიაში, მაშინ გარდაუვალია შემთხვევების მატება, სამწუხაროდ ალბათ გარდაცვლილთა მატებაც. ამას თან მოჰყვება შეზღუდვების მატება, სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი და უამრავი დისკომფორტი. უნდა დავფიქრდეთ, დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და არ იტყვიან უარს ვაქცინაზე და პირიქით, რიგები იქნებ ვაქცინაციის პუნქტებთან და დღეში ჩვენ მოვახერხებთ 3-4 ათასის აცრას.
ახლა ვინც იტყვის, რომ არსებობს რისკები და ერთი ადამიანი უკვე დაიღუპა. ძალიან სამწუხაროა, ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალება. მთელი ერი გლოვობს და მათთან ერთად მთელი სამედიცინო საზოგადოება, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ცხოვრებაში ასეთი ერთეული შემთხვევები ხდება. ასეთი შემთხვევებისგან არც ერთი ქვეყანა და არც ერთი დარგი არ არის დაზღვეული. ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, არ შეიძლება ერთი შემთხვევისთვის ქვეყნის ბედი შევაგდოთ სასწორზე. ასეთი შემთხვევა არის უკიდურესად იშვიათი და ძალიან დიდი ალბათობით ის საქართველოში კიდევ დიდხანს არ განმეორდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.