logo_geo
eng_logo
სექტემბრიდან თბილისში ახალი, ლურჯი ფერის ავტობუსები ივლის
- +

12 ივლისი. 2016. 11:45



სექტემბრიდან თბილისში ახალი, ლურჯი ფერის ავტობუსები ივლის. შესაბამის ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „Man Truck and Bus AG"-სთან ხელი დღეს მოეწერა.



ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 7 თვისა თბილისის ავტოპარკი ჯამში, ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება. ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილი იქნება CNG საწვავზე (ბუნებრივი აირი) მომუშავე ძრავებით, რაც დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.



დედაქალაქის მერიამ თბილისის ავტობუსების პარკის შესწავლა გასულ წელს დაიწყო, რის შედეგადაც დღის წესრიგში დადგა ავტოპარკის განახლების საჭიროება. შესაბამისად, დაიწყო აქტიური კომუნიკაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, EBRD-ის დახმარებით ჩატარდა წინასწარი კვლევა, რომელმაც აღწერა თბილისის ავტობუსების პარკში არსებული მდგომარეობა და ასევე, პარკის განახლების შესაძლებლობები, რის შემდეგაც გამოცხადდა ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაცია 30-მდე კომპანიამ წარმოადგინა, ტენდერში კი ინტერესი 7-მა კომპანიამ გამოხატა, რის შემდეგაც ეკოლოგიურობის, ეკონომიურობისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით საუკეთესო შეირჩა. სატენდერო პირობებში აქცენტი გაკეთდა ხარისხსა და გამოცდილებაზე. შერჩევა-შეფასება EBRD-ის საერთაშორისო წესების შესაბამისად განხორციელდა. ევროსტანდარტების შესაბამისი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსები ივლის ქალაქის მასშტაბით არსებულ გრძელ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიას ავტობუსების პარკის განახლების 4 წლიანი გეგმა გააჩნია და აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება", - აცხადებენ თბილისის მერიაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner