ბულგარეთის სამართალდამცველებმა ორიოდე დღის წინ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს და აგენტურული ქსელი გამოავლინეს, რომელიც რუსეთის ინტერესებზე მუშაობდა. ამ წარმატებული ღონისძიებების შედეგად, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მხილებული პირები დააკავეს. სპეცოპერაცია ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ სხვა უწყებებთან თანამშრომლობით ჩაატარა. ბულგარეთის მედიის ინფორმაციით, ჩატარდა ჩხრეკები სხვადასხვა მისამართზე – როგორც დედაქალაქში, ასევე, სხვა ქალაქშიც. ირკვევა, რომ დაკავებულებს შორის არიან მოქმედი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, რომლებსაც საიდუმლო ინფორმაციასთან ჰქონდათ წვდომა. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტელევიზიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ავტომაგისტრალზე მანქანით გადაადგილებისას დააკავეს. ამ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის ფარგლებში, ბულგარელი სამართალდამცველებს დედაქალაქიდან გასასვლელები ჰქონდათ გადაკეტილი და ყველა გამსვლელის დოკუმენტებს ამოწმებდნენ. სწორედ ასე შეძლეს მათ ჯაშუშების ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დაკავება, რომელიც მიმალვას ცდილობდა. დაკავებულებს შორის არიან ბულგარეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ჯაშუშურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, მისი მეუღლე, რომელსაც ბულგარეთის გარდა რუსეთის მოქალაქეობაც ჰქონდა, ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ერთი წარმომადგენელი და, ასევე, სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი.
ბულგარეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, სიიკა მილევამ პრესკონფერენციაზე ფარული აუდიო- და ვიდეოგადაღებების შედეგად მიღებული მტკიცებულებებიც წარადგინა, სადაც აღბეჭდილი იყო როგორც სატელეფონო საუბრები, ასევე, ფარული შეხვედრები, ფულის გადაცემა და სხვ. სიიკა მილევას თქმით, ჯგუფის ხელმძღვანლის „რეზიდენტის“ თავდაპირველი მიზანი სწორედ აგენტურული ქსელის შექმნა და გაფართოება იყო. მან სამხედრო განათლება ბულგარეთსა და საზღვარგარეთ მიიღო და, ასევე, დაამთავრა სადაზვერვო სკოლა მოსკოვში. მისი მეუღლე კი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, იყო შუამავალი რუსეთის საელჩოს თანამშრომლებთან კონტაქტისას.
გამოძიების ვერსიით, დაკავებული პირები რუსული სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს მიერ იყვნენ გადაბირებულები. ბრალი უკვე 6 პირს წარუდგინეს, მათ შორის, რუსული დაზვერვის რეზიდენტის მეუღლეს. ბულგარეთის პროკურატურა აცხადებს, რომ დაკავებულების ერთ-ერთი მიზანი იყო თავდაცვის სამინისტროს შენობაში ინფორმაციის შეგროვება სირიის, მთიანი ყარაბაღისა და უკრაინის თემაზე. ასევე, დაკავებულები აგროვებდნენ მასალებს, რომლებიც ეხებოდა ვარნაში განთავსებულ ნატო-ს ცენტრს, ამ ცენტრის მიზნებს, მოქმედების გეგმას, ფინანსირებას, უშუალოდ ნატო-ს ზოგად მიზნებს, გეგმებსა და მოქმედებების შედეგებს, ნატო-ს სხვადასხვა კომიტეტში მიღებული გადაწყვეტილებების დეტალებს.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა უკვე განაცხადა მზადყოფნა იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციის დიპლომატები მომხდარის გამო პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ.
„მეგობრობა მეგობრობად რჩება და მის დემონსტრირებას ყოველთვის ვახდენდით, მათ შორის, „ბალკანეთის ნაკადის“ საკითხშიც, მაგრამ NATO-ში ჩვენი შესაძლებლობების საკითხებზე ჯაშუშობა არ შეიძლება“, – განაცხადა ბორისოვმა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან დღემდე ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვეყნიდან უკვე 6 რუსი დიპლომატი გააძევა, ყველა მათგანი – ჯაშუშობაში ბრალდების გამო. ბოლო ასეთი შემთხვევა 2020 წლის დეკემბერში მოხდა. რუსეთი ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთ უხეშ და არაცივილიზებულ საქმიანობაში ამხელენ, სარკისებურად მოქმედებს და ყველა ბრალდებას უარყოფს. როგორც ყოველთვის, რუსეთი პარტნიორი ქვეყნებისთვისაც ცდილობს პრობლემების შექმნასა და დესტაბილიზაციის მოწყობას.
ბულგარეთში გამოვლენილი, გრუ-ს ჯაშუშების თემასა და რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას უკვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლები, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი. მისი განცხადებით, ბრიტანეთი მხარს უჭერს ბულგარეთს რუსეთის „მტრული ქმედებების” წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ბულგარეთის მცდელობებს, დაშალოს სავარაუდო ჯაშუშური რგოლი და გადადგას ნაბიჯები რუსეთის მტრულ ქმედებებთან გასამკლავებლად“, – აღნიშნა დომინიკ რააბმა.
ანაიდა ქარსელაძე