„არა მხოლოდ თეატრები, ასევე მუზეუმები და სხვა მიმართულებების წარმომადგენლები საოცრად დაზიანდნენ, იმიტომ რომ შემოსავალი აღარ იყო. ის შემოსავალი, რაც მათ დააკლდათ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მეტ-ნაკლებად შეუვსოთ, მაგრამ შევსება მოხდა მხოლოდ იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც აქვთ სიპის სტატუსი, თუმცა ეს შევსება იყო ნაწილობრივი და რეალურად გადარჩენის გარანტია“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ახლა, როდესაც ეს ორგანიზაციები გაიხსნება და შემოსავლის მიღება დაიწყება, ჩვენ სადღაც 2-3 თვეში გვექნება ფაქტებზე დაფუძნებული ხედვა, თუ რისი გაკეთება არის საჭირო იმისთვის, რომ სწრაფად დავძლიოთ პანდემიის დამაზიანებელი შედეგები.
აქ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ და ჩავიხედოთ იმ ადგილებში, რომელიც არის თავისუფალ ბაზარს მინდობილი და საერთოდ არ არის ჩვენი სისტემის ოფიციალურად ნაწილი, მაგრამ კულტურის დარგია. მაგალითად ის ხელოვანები, რომლებიც არც კულტურის სამინისტროს თეატრებში მუშაობენ და კერძო თეატრში მოღვაწეობენ, ან კიდევ არიან ხელოვანები, რომელიც თავის თავზე მუშაობს და თავისი საქმიანობით პანდემიამდე ინახავდა საკუთარ შემოქმედებას, თავს და ოჯახსაც. მათთანაც დიალოგის მექანიზმები იქნება ასაწყობი. ჩვენ დავინტერესდებით იმით, თუ რა უჭირთ მათ, ან შეიძლება არაფერი უჭირთ, მაგრამ სურვილები აქვთ რაშიც შევძლებთ ხელი უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.
თეა წულუკიანი მინისტრად პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად დაინიშნა. მის დანიშვნას ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 19 მარტს მოაწერა. პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.