„ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგს ყველა პარტნიორი აღნიშნავს და აღიარებს“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით 16 ინიციატივაა გათვალისწინებული, რომლის შესრულებაც ჩვენი ვალდებულებაა. მან აქვე დაამატა, რომ არებული ინიციატივებიდან ორი უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენების იმპლემენტაციის მიზნით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
მინისტრმა არსებითი პაკეტის განახლებისა და გადახედვის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება.
„რომელიმე კონკრეტულ მიღწევაში თუ გვაქვს შედეგი, ის მიღწევა შეიძლება ჩაიხუროს, ახალი ინიციატივა წარმოიშვას ან არ წარმოიშვას, ანუ ეს პაკეტის გადახედვის მუდმივი პროცესია. წელსაც მოხდება პაკეტის გადახედვა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძემ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების შესრულების შედეგზეც გაამახვილა ყურადღება და საზოგადოებისთვის განმარტა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელების შედეგად თავდაცვის ძალებში მივიღებთ ინტელექტუალურად ახალ სახეს, ასევე შეიარაღების თვალსაზრისით, ასევე შესყიდვების მიმართულებით და ა.შ. პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ურთიერთობა აშშ-სთან.
როგორც მან განაცხადა, 2023 წელს აშშ-სთან კიდევ უფრო გაფართოვდება ჩვენი ურთიერთობა და ახალი, ხუთწლიანი ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმება.