logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ის ადამიანები, ვის დროსაც პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ელჩების გაძევება, გვეუბნებიან, რომ დღევანდელი საგარეო საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიზირებული, ამას არ მივიღებ და კატეგორიულად შევეწინააღმდეგები
- +

24 მარტი. 2021. 10:37

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „POSTV“-ს ეთერში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ელჩების დანიშვნის საკითხზე ისაუბრა და გააკრიტიკა ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული თემის პოლიტიზირებას ცდილობენ.

 

მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელის შელახვას.

 

„ეს სამინისტრო არის ჩემი ოჯახი. 53 წლის ვარ და 30 წელია ამ უწყებაში ვმუშაობ და ბევრია ისეთი, ვინც ჩემსავით დიდი ხანია ამ უწყებაშია, მაგრამ იმ ადამიანებისგან, ვის თვალწინაც აქ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ადამიანების გაძევება და ერთი სიტყვა არ დაუძრავთ, ერთი სიტყვა არ დაუძრავთ ლევან მიქელაძის იძულებით გარდაცვალებაზე და 7 ნოემბერზე, ერთი სიტყვა არ დაუძრავთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვაზე, დღეს გამოდიან და ჭკუას გვასწავლიან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატებზე ამბობენ, რომ პოლიტიკური ნიშნით ინიშნებიან. ვერ და არ მივიღებ ამას და ეს მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ“, - განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ 2012 წლიდან საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ძალისხმევას დებდა იმაში, რომ საგარეო უწყება არ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული.

 

მისივე განმარტებით, დღესაც ის ადამიანები, ვისაც აქვთ პოლიტიკური ამბიცია, თავისუფალნი არიან საკუთარი აზრის გამოხატვის კუთხით.

 

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ დღევანდელი საგარეო საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიზირებული. არასდროს არ მივიღებ ამას, ვერ მივიღებ და კატეგორიულად შევეწინააღმდეგები ამ უწყების პოლიტიზირებას, რადგანაც ეს არის უწყება, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლებიდან ძალიან ბევრი რყევა გაიარა. ეს არის ის უწყება, რომელზეც დგას ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. ჩვენი ელჩები არიან ადამიანები, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან ქვეყნის ინტერესებისთვის, სახელმწიფო ინტერესებისთვის. მათი ასე გარედან რყევა არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში 30-მდე პოლიტიკური ნიშნით დანიშნული ელჩი ხელმძღვანელობდა საქართველოს წარმომადგენლობებს სხვადასხვა ქვეყანაში, მაშინ როდესაც დღეს პოლიტიკური ნიშნით დანიშნული ელჩები მხოლოდ 4-5 ადამიანია.

 

„მაგრამ პოლიტიკური ნიშნითაც ვინც გვყავს დანიშნული, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, მათ შორის ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ საერთაშორისო ურთიერთობებთან. ამიტომ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ მოვიყვანეთ არაპროფესიონალები გარკვეული პოლიტიკური სიმპათიებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner