უკრაინელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს. ეს მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს ვადიმ სოკოლოვს უწოდებს, სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია და რუსეთის სპეცსამსახურთან არის დაკავშირებული. გავლენიანი გამოცემები „Bellingcat, The Insider“ და „Der Spiegel“ ახალ ჟურნალისტურ გამოძიებაში სწორედ ამ მტკიცებულებების შესახებ წერენ.
გამომძიებელი ჟურნალისტები უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ნაპოვნ მტკიცებულებათა შორის არის მიმოწერები, ელექტრონული შეტყობინებები და USB-ფლეშ ბარათები. უკრაინელმა ძალოვნებმა ხარკოვში, კრასიკოვის სიდედრის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საოჯახო ალბომი აღმოაჩინეს, მასში კი ვადიმ კრასიკოვის ფოტოსურათები. ასევე მათ კრასიკოვის ფოტოებთან ერთად იპოვეს ქორწინების მოწმობა. „Der Spiegel“-ის ხელში აღმოჩნდა დოკუმენტები და ფოტოსურათები, მათ შორის კრასიკოვის და მისი მეუღლის ქორწინების ალბომიდან 2010 წლით დათარიღებული ერთი ფოტო. ფერად ფოტოსურათებზე, კრასიკოვის სახე სხვადასხვა რაკურსით არის წარმოდგენილი, რაც იძლევა საშუალებას, სახეების შედარება უფრო მარტივი გახდეს. შესაბამისად, დგინდება, რომ ამ ფოტოებზე სწორედ ის ადამიანია აღბეჭდილი, რომელსაც ახლა ბერლინში ასამართლებენ. ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანს, მარცხენა მკლავზე აქვს „სოკოლოვის“ იდენტური, უკვე ყველასთვის ნაცნობი „ტატუირებაც“. ეს აღმოჩენები საბოლოოდ აქარწყლებს იმის ეჭვს, რომ „სოკოლოვის“ პასპორტით ბერლინში დაკავებული ქილერი და ვადიმ კრასიკოვი ერთი და იგივე ადამიანია. თვეების წინ ჩატარებული გამოძიების შედეგად „The Insider“-მა, „Bellingcat“-მა და „Der Spiegel“-მა დაადგინეს, რომ ეს ადამიანი ФСБ-ს სპეცდანაყოფ „Вымпел“-ში მსახურობდა. ახლა ჟურნალისტებმა მიიღეს იმის მორიგი მტკიცებულება, რომ ქილერს რუსეთის სპეცსამსახურთან ახლო კავშირები აქვს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სწორედ ФСБ-მ უზრუნველყო მისი მეუღლე და ქალიშვილი ახალი პასპორტებით და გაამგზავრა ყირიმში.
„Der Spiegel“-ის წყაროს ინფორმაციით, ახალი მტკიცებულებები, რომლებიც კრასიკოვის სიდედრის სახლშია ნაპოვნი, უკვე გადასცეს გერმანიის სამართალდამცველ ორგანოებს. „The Insider“ წერს, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ მოპოვებული მონაცემები შესაძლოა გერმანული პროკურატურისთვის საკვანძო არგუმენტი გახდეს. როგორც გამოცემა ვარაუდობს, ეს ინფორმაცია დაამტკიცებს, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ მხოლოდ ყალბ დოკუმენტებში არსებობს, რომლებიც ქილერს რუსეთის სპეცსამსახურმა იმისთვის დაუმზადა, რომ რეალური იდენტობა დაემალა და გერმანიის ტერიტორიაზე ხანგოშვილის ლიკვიდაცია მოეწყო. გავლენიანი გამოცემები ვარაუდობენ, რომ გერმანელი გამომძიებლებისთვის გადაცემული ეს მასალები ბრალდებას უფრო განამტკიცებს. ეს არგუმენტები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სასამართლო დარწმუნდეს- „ვადიმ სოკოლოვი“ არ არსებობს. ამის შემდეგ სასამართლო განიხილავს წონიან, მაგრამ ირიბ მტკიცებულებებს იმისა, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა. რამდენიმე დღის წინ გამართულ სასამართლო განხილვის დროს გერმანული პოლიციის თანამშრომლის ჩვენებას მოუსმინეს. მანამდე მას ბრალდებულმა უთხრა, რომ მის დედას მისი ვინაობის დადასტურება შეუძლია და იტყვის, რომ ის „სოკოლოვია“. მოსამართლემ ბრალდებულს შესთავაზა დაესახელებინა დედის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რათა მასთან დაკავშირება მომხდარიყო და მიეცა ჩვენება იმის შესახებ თუ ვინ არის მისი შვილი. თუმცა, ამ დროს ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლების გამოყენებას აგრძელებს.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მკვლელობაში დამნაშავე პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ის ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქის ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული დოკუმენტებით გადაადგილდებოდა. ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საბოლოო საბრალდებო დასკვნაში განაცხადა, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რადგან სწორედ მისი დაკვეთა იყო ხანგოშვილის ლიკვიდაცია. 2020 წლის დეკემბერში გამოცემა „Bellingcat“-ის გამოძიების პირველი ნაწილი გამოქვეყნდა. მასში ნათქვამი იყო, რომ ხანგოშვილის მკვლელი სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია. ჟურნალისტების მტკიცებით ის 1965 წლის 10 აგვისტოს ყაზახეთში, ჩიმკენტის ოლქში დაიბადა. 2014 წელს კრასიკოვი მოსკოველი ბიზნესმენის მკვლელობისთვის რუსეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო ძებნაში გადასცა, თუმცა ნახევარ წელიწადში ძებნიდან მოხსნეს. ჟურნალისტები იმასაც ფიქრობენ, რომ მოსკოვში მომხდარი მკვლელობა ბერლინის მკვლელობას ხელწერით ჰგავს, რადგან ორივე შემთხვევაში ეჭვმიტანილი ველოსიპედით გადაადგილდებოდა და სწორედ მისი მეშვეობით ცდილობდა მიმალვას. „Bellingcat“-ის ჟურნალისტები ასევე ვარაუდობენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს კრასიკოვის თითის ანაბეჭდებთან და მისი ფოტოსურათებთან ჰქონდათ წვდომა.
მთელი ამ დროის განმავლობაში გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ მკვლელობის საქმეზე კრემლი არ თანამშრომლობს მათთან, ამის გამო კი ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლები გააძევეს. კანცლერმა ანგელა მერკელმა ნატო-ს სამიტზე განაცხადა, რომ გერმანიამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც ნათელი გახდა, რომ მოსკოვი არც მომავალში აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას.
მარიამ ბოჭორიშვილი